"მზე ჩემი კარგი მეგობარია" - მორის ფოცხიშვილის ლექსზე შექმნილი, ვაჟა აზარაშვილის მუსიკითა და ნანი ბრეგვაძის შესრულებით ცნობილი კომპოზიცია, მეგა შოუს ფინალში გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.
ჯგუფმა "სადარი" პირველი ადგილი სწორედ ამ ნომრით მოიპოვა.
პროექტის ისტორიაში მაყურებლის უპრეცედენტო ჩართულობის ფონზე 425 947 ზარი დაფიქსირდა, გამარჯვებული კი მიღებული ხმების 26,84 პროცენტით გამოვლინდა.
შოუში გამარჯვებისთვის 6 მონაწილე იბრძოდა. მაყურებლის გადაწყვეტილებით, მეორე ადგილზე ჯგუფი "სერენადა" გავიდა, რომელიც ჟიურის რჩეულიც გახდა. მესამე ადგილი კი, კვარტეტმა "რანინამ" დაიკავა. გამარჯვებულებს ფულადი პრიზები და სიგელები გადაეცათ.
"გაზაფხულდა, აყვავილდა ნუში", "ისევ წვიმს", "შემოდგომის ყვავილებს" - ფინალი ქართული სცენის ლეგენდის ნანი ბრეგვაძის 90 წლის იუბილეს და მის შემოქმედებას მიეძღვნა. კონკურსანტებმა ლეგენდარული ქართული კომპოზიციები ორკესტრის თანხლებით შეასრულეს.
სამთვიანი მუსიკალური თავგადასავალი რეკორდული აქტივობით, ძლიერი კონკურენციითა და ქართული სიმღერის ზეიმით დასრულდა.
პროექტის იდეის ავტორების თქმით, მეგა შოუმ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქართული მუსიკის მიმართ მაყურებლის ინტერესი უცვლელია.
"ქართული" პირველი მუსიკალური კონკურსია ტრიოებისთვის, კვარტეტებისთვის, ჯგუფებისა და ანსამბლებისთვის, რომლებიც ქართულ ქალაქურ და მრავალხმიან სიმღერებს ასრულებენ. პროექტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი.