03 აგვისტო 2026,   22:13
ვრცლად
მომხმარებელი 15 დასახელების პროდუქტს 30-დან 50 პროცენტამდე ფასდაკლებით შეიძენს - ინიციატივაში ყველა მსხვილი ქსელური მარკეტი ჩაერთო

ინიციატივა, რომელშიც ყველა მსხვილი ქსელური მარკეტი ჩაერთო, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და შეღავათიანი ფასების დაწესებას გულისხმობს.

"კარფური", "სპარი", "მაგნიტი", "კალათა", "უნივერსამი", "ზღაპარი", "გუდვილი", "ლიბრე" და "აგროჰაბი", მოსახლეობას ე.წ. სოციალური კალათა ყველგან დახვდებათ. აქციის ფარგლებში, 15 დასახელების პროდუქტს მომხმარებელი, 30-დან 50 პროცენტამდე ფასდაკლებით შეიძენს.

პროდუქტებისთვის, რომლებიც სამომხმარებლო კალათისთვისაა განსაზღვრული, მარკეტებში სპეციალური სტენდები იქნება გამოყოფილი. იმისათვის, რომ მომხმარებელს ფასდაკლებული პროდუქტის პოვნა გაუმარტივდეს, სავაჭრო ქსელები ასევე სპეციალურ სტიკერებსაც გამოიყენებენ.

ოჯახებისთვის განკუთვნილი ყოველდღიური კალათის მთავარი კომპონენტი ისეთი პროდუქტებია, როგორიცაა კვერცხი, ფქვილი, ზეთი, ქათამი, რძის პროდუქტების სახეობები, ბურღულეული და ტკბილეული. ქსელური მარკეტების ინიციატივა მომხმარებლებს ყოველდღიური საჭიროებების უფრო მარტივად და ეკონომიურად დაგეგმვაში დაეხმარება.

სავაჭრო ქსელებში ამბობენ, რომ ახალი ინიციატივის პარალელურად, მოქალაქეებს მუდმივად სთავაზობენ განახლებად აქციებს, რომლის ფარგლებშიც ყველას შეუძლია სხვადასხვა დასახელების პროდუქტი ხელსაყრელ ფასად შეიძინოს. "სოციალური კალათის" მოდელი კი, მოსახლეობას დამატებით შესაძლებლობას მისცემს, პროდუქტი კიდევ უფრო დაბალ ფასში შეიძინოს.

ქსელური მარკეტები ისეთი სოციალური პროექტების განხორციელებას, რომლებიც მომხმარებლების ინტერესების დაცვაზე იქნება ორიენტირებული, მომავალშიც გეგმავენ.

დღის ამბები