03 აგვისტო 2026,   22:37
ვრცლად
ისტორიული და გამორჩეული დღე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში - როგორ ჩაიარა შიო III-ს ინტრონიზაციამ და რა თქვა ქადაგებისას ახალმა პატრიარქმა

ისტორიულ სვეტიცხოველში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არჩეული, პირველი კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაციის ცერემონიაზე ნათქვამი ისტორიული სიტყვით, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო.

სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ბერძნულად ნათქვამი ეს სიტყვა დასტური იყო, რომ ეკლესიამ და ერმა ახალი წინამძღოლი მიიღო და მართვის პასუხისმგებლობაც პატრიარქისთვის განკუთვნილ საღვთისმსახურო სამოსში გამოწყობილ უწმინდესსა და უნეტარესს შიო მესამეს გადასცა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მე-16 საუკუნის ისტორიული კუნკულბარტყული - წმინდა ნინოს უნიკალური ჯვრით, თავზე დღეს პირველად დაიდგა. პირველად მოისხა ძოწისფერი მანტია, რომელიც პირველი იერარქის ღირსებისა და სულიერი წინამძღოლობის სიმბოლოა. წარმოთქვა პირველი სიტყვაც, რომელიც თავისი მნიშვნელობით განსაკუთრებული, ერისთვის კი სულიერი გზის მაჩვენებელი იყო.

საქართველოს 142-ე კათოლიკოს პატრიარქის პირველ სიტყვამდე, უწმინდესი და უნეტარესი, საკურთხევლის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილთან მდებარე საპატრიარქო ტახტზე დღეს პირველად ავიდა. დაიკავა პირველი იერარქის ადგილი. სრულად შემოსილი უწმინდესი შიო მესამე, ორმა უხუცესმა მღვდელმთავარმა საპატრიარქო ტახტზე სამჯერ დასვა, რის შემდეგაც სვეტიცხოვლის ტაძარში შეძახილი გაისმა.

ახალი პატრიარქის აღსაყდრების საზეიმო ცერემონია, საპატრიარქო ტაძარში, საეკლესიო კანონიკის სრული დაცვით დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა. ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელს გადასცეს ჯვარპანაღია, ისტორიული საპატრიარქო ოქროს მიტრა და კვერთხი - ყველა ის ატრიბუტიკა, რომელიც პატრიარქმა ილია მეორემ 49 წელი ატარა.

ინტრონიზაციის ცერემონიის პარალელურად, საქართველოს 142-ე პატრიარქმა, პირველი საზეიმო წირვა სწორედ დღეს, ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლისა და ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულზე ჩაატარა.

ამ ისტორიული პროცესის მონაწილე მთელი ერი იყო. სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში იმყოფებოდნენ, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტისა და საკანონმდებლო ორგანოს წევრები. აღსაყდრების ცერემონიას ესწრებოდა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე.სწორედ ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო პირველი მილოცვა საქართველოს 142-ე საჭეთმპყრობელმა.

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრების ცერემონიას ყველა ასაკის ადამიანი ესწრებოდა. ტაძრის შიგნით თუ გარეთ მყოფი- დიდი, თუ პატარა - თითოეული მათგანი ისტორიული პროცესის მონაწილე იყო. სწორედ მომავალ თაობას, განათლებას, სიყვარულსა და რწმენის სიძლიერეზე საუბარს მიუძღვნა პატრიარქმა, საკუთარი პირველი სიტყვის ერთი ნაწილიც.

ისტორიული პროცესის დასრულების შემდეგ, ერის სულიერმა მამამ, სულიერი შვილები ჯერ ტაძარში, შემდეგ კი მის გარეთ პირველად დალოცა. უძველესი, ისტორიული ტაძარი კი დღეს, ქართველი ერის სულიერი ერთიანობის ცენტრად დღეს კიდევ ერთხელ იქცა.

დღის ამბები