ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაღრმავება, საპარლამენტო კავშირების გაძლიერება, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, თანამშრომლობა ვაჭრობისა და განათლების მიმართულებით - სწორედ ამ თემებზე გაკეთდა მთავარი აქცენტები, საქართველოს პარლამენტისა და სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეებს შორის ორმხრივ შეხვედრაზე.
ბრატისლავაში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩასულმა შალვა პაპუაშვილმა კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თქვა, რომ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება, რაც მაღალი დონის ვიზიტებშიც გამოიხატება.
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე საუბრობს სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე. რიხარდ რაშიმ განაცხადა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. სპიკერმა ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მზაობაც გამოხატა.
შალვა პაპუაშვილი ბრატისლავაში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ საუბრის დროს პოლიტიკურმა ლიდერებმა აქცენტი გააკეთეს განათლების, თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობაზეც.
ქართული დელეგაციის წევრები ამბობენ, რომ ბრატისლავაში პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი, როგორც პოლიტიკურად, ისე სექტორული თვალსაზრისით, ქვეყნებს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო გააძლიერებს.
ორმხრივი შეხვედრების შემდეგ შალვა პაპუაშვილმა სლოვაკეთში ვიზიტი მედიასთან შეაჯამა. სპიკერის განცხადებით, საქართველო წარმატებით ახორციელებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. მისივე თქმით, ქართული მხარე ყოველთვის ღიაა ევროკავშირთან დიალოგისთვის.
პარლამენტის თავმჯდომარის და ქართული დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ბრატისლავაში დასრულებულია. შალვა პაპუაშვილმა სლოვაკი კოლეგა თბილისში მიიწვია.