04 აგვისტო 2026,   06:36
ვრცლად
9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღე - დაღუპული მებრძოლები ხსოვნას პოლიტიკოსებმა პატივი მიაგეს

გამარჯვების იმედით მეორე მსოფლიო ომის სისასტიკეს ვლადიმერ უგულავაც საკუთარი თვალით ხედავდა. ვეტერანები კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელ კონფლიქტს 81 წლის შემდეგაც ემოციებით იხსენებენ. საუბრობენ თითქმის საუკუნის წინანდელ მოვლენებზე და იმ გამარჯვებაზე, რომელმაც მსოფლიოში ფაშიზმის ეპოქა დაასრულა.

საქართველოში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 46 ადამიანი ცხოვრობს. მათთან ერთად ვეტერანთა, კულტურის და დასვენების პარკში, დაღუპულ მებრძოლებს დღეს პატივი მიაგეს რიგითმა მოქალაქეებმა და პოლიტიკოსებმა. მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და დედაქალაქის მერმა. ადგილზე იმყოფებოდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და კანონმდებლები. პრემიერის განცხადებით, ყველას ვალია თავდადების და სამშობლოსთვის თავგანწირვის მაგალითად ქცეულ გმირებს პატივი მიაგონ.

მშვიდობიანი სამყაროს ფორმირებაში საქართველოს წვლილზე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის განცხადებით ეს დღე თითოეულ ადამიანს კიდევ ერთხელ ახსენებს ისტორიულ მომენტებს, რომელიც მომავალი თაობის მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება.

მთავრობის განკარგულებით, ვეტერანებმა ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით 2 ათასი, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებმა კი 1000 ლარი მიიღეს. 9 მაისზე, როგორც სიბნელეზე სინათლის გამარჯვების დღეზე საუბრობს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე.

საქართველოდან ომში 700 000 ადამიანი იბრძოდა, 300 000 ადამიანი კი შინ ვეღარ დაბრუნდა. მეორე მსოფლიო ომი 1939 წელს დაიწყო და 1945 წლამდე, ვერმახტის კაპიტულაციამდე გაგრძელდა. მას შემდეგ 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ აღინიშნება.

დღის ამბები