ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტებზე დაკავებული 5 პირის საქმეზე დღეს სასამართლო იმსჯელებს. მოსამართლემ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების ფორმა უნდა განსაზღვროს. ყველა ბრალდებულის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობის გამოყენებით. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე - დამატებითი ბრალდება წარედგინა გურამ როგავას ეპიზოდზე დაკავებულს.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი მადლობას უხდის ყველა ღირსეულ პოლიციელს.
"სამწუხაროდ, იყო ერთეული შემთხვევები გადაცდომის და ეს ყველაფერი ჩვენ გამოვიძიეთ. რა თქმა უნდა, ეს გამოძიება არ იყო მარტივი რადგან ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორი იყო. დაიკითხა 500-ზე მეტი მოწმე, 1000-ზე მეტი საპოლიციო ღონისძიება ჩატარდა და ბოლოში გავიდა ეს ყველაფერი.
ეს იყო ცალკეული შემთხვევა, აქ საუბარი არ არის რაიმე სისტემურობაზე ან დაკვეთაზე უბრალოდ აბსურდია. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გმირ პოლიციელებს, რომლებმაც ღირსეულად ჩაატარეს ის ღონისძიებები, თუმცა როგორც ჩანს 5 მათგან ნერვებმა უმტყუნა, მაგრამ ამის უფლება არავის აქვს, რადგან მათი თავს გასული და ზედმეტი საქციელიდან გამომდინარე, რადიკალურ ჯგუფებს მიეცათ საბაბი ეს ყველაფერი განეზოგადებინათ ათასობით პოლიციელზე და ეს ძალიან სამწუხარო იყო. ახლა კი ყველაფერს წერტილი დაესვა," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
პოლიციელების მხრიდან ცალკეული გადაცდომების ფაქტების გამოძიების აუცილებლობაზე - ახალ თანამდებობაზე წარდგენის პირველივე დღეს ისაუბრა მამუკა მდინარაძემ. ვიცე-პრემიერმა და სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში, განმარტა რომ მნიშვნელოვანია ყველა შესაძლო დანაშაულს სამართლებრივი პასუხი გაეცეს. თემაზე კეთდება პოლიტიკური შეფასებები. სამართალდამცავი უწყებების კოორდინირებულ და ეფექტურ საქმიანობას უკავშირებენ სავარაუდო დამნაშავეების დაკავებას მმართველ გუნდში.