მთავრობის გადაწყვეტილების მიზანი, დიპლომატიური სამსახურისთვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების გამყარებაა. კადრების მომზადებასთან ერთად, პრემიერ-მინისტრის განმარტებით, უწყებრივი დაქვემდებარება ხელს შეუწყობს აკადემიას სწავლებისა და კვლევის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაში.
აკადემიის შექმნის კონცეფციაზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმუშავა. უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ახალგაზრდები მომზადების კურსის განმავლობაში შეიძენენ ანალიტიკურ უნარებს და ინოვაციურ ხედვებს. რაც თანამედროვე და სწრაფად ცვალებად მსოფლიოში ქვეყნის საჯარო სამსახურის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
არა მხოლოდ საგანმანათლებლო პროექტი, არამედ ერთგვარი სტრატეგიული ინვესტიცია მომავალში - ასე აფასებენ საგარეო უწყებაში აკადემიის დაარსების გადაწყვეტილებას. მოლოდინია, რომ სწორედ აკადემიაში მიღებული ცოდნის პრაქტიკულმა გამოყენებამ ქვეყანას უნდა მისცეს შესაძლებლობა დაიცვას ეროვნული ინტერესები და სუვერენიტეტი.
დიპლომატიის აკადემია, ავტორიზაციის გავლის შემდეგ, მომავალი წლის სექტემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.