2024 წლის აპრილსა და ნოემბერში, ძალადობრივ მიტინგებზე, ლევან ხაბეიშვილის, ზვიად მაისაშვილისა და გურამ როგავას მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის დაკავებულ 5 პირს, საქართველოს პროკურატურამ ბრალი უკვე ოფიციალურად წარუდგინა. საგამოძიებო უწყება ხუთივე დაკავებულს - სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავება. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე - დამატებითი ბრალდება წარედგინა გურამ როგავას ეპიზოდზე დაკავებულს.
ჩადენილ დანაშაულზე, დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.
ირაკლი კობახიძემ აქცენტი გააკეთა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის მნიშვნელობაზე და თქვა, რომ ჩატარებული გამოძიება კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს მთავრობის ამბიციას, იმოქმედებს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით. პრემიერი აცხადებს, რომ ძალის გადამეტების შემთხვევაში, სამართლის წინაშე პასუხისგება ნებისმიერს მოუწევს, მაშინაც კი, როცა ქვეყანას კონსტიტუციური წყობილების შეცვლის ძალადობრივ მცდელობასთან უწევს გამკლავება.
პოლიციელების მხრიდან ცალკეული გადაცდომების ფაქტების გამოძიების აუცილებლობაზე, ახალ თანამდებობაზე წარდგენის პირველივე დღეს ისაუბრა მამუკა მდინარაძემ. ვიცე-პრემიერმა და სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის საკითხში, განმარტა რომ მნიშვნელოვანია ყველა შესაძლო დანაშაულს სამართლებრივი პასუხი გაეცეს.
სახელმწიფო, რომ დანაშაულთან ბრძოლის პროცესში უკომპრომისოა - ეს სახელმწიფო მინისტრმა, კიდევ ერთხელ, დღესაც განმარტა. მამუკა მდინარაძემ პასუხი გასცა, მათ, ვინც დანაშაულებრივ სქემაში კონკრეტული დამკვეთის არსებობაზე, უაპელაციოდ საუბრობს.
საქმეში არსებული მტკიცებულებების მიუხედავად, "ნაციონალურ მოძრაობაში" ამტკიცებენ, რომ დამნაშავეებს დანაშაული დაჰბრალდათ. ამავეს იმეორებენ გახარიას პარტიაში, სადაც დაზუსტებით დაკავებულების რაოდენობაც კი არ იციან.
მიმდინარე გამოძიებასა და სამართალდამცველების მხრიდან გადაცდომის ფაქტებზე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი აქვე იხსენებს 2024 წლის ძალადობრივი აქციის მოვლენებს, სადაც ძალოვან სტრუქტურებს მომატებული საფრთხის პირობებში უწევდათ მუშაობა. მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურნენ სხვა კანონმდებლებიც.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პროკურატურის მიერ დაკავებულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოქმედ და ყოფილ 5 თანამშრომელს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პარალელურ რეჟიმში ,საგამოძიებო უწყება სხვა საქმეების მოკვლევას განაგრძობს.