01 აგვისტო 2026,   16:06
ვრცლად
ბატონი მამუკა მდინარაძის როლი არის გამოკვეთილი, რადგან რაც მან ამ პოზიციაზე დაიწყო მუშაობა, ამან თავისი შედეგი მოიტანა - ირაკლი ქადაგიშვილი

ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს ბრალს დღეს წარუდგენენ. მათ შორის - სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელია, ერთი კი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი.

პოლიციელების მხრიდან ცალკეული გადაცდომების ფაქტების გამოძიების აუცილებლობაზე - ახალ თანამდებობაზე წარდგენის პირველივე დღეს ისაუბრა მამუკა მდინარაძემ. ვიცე-პრემიერმა და სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის საკითხში განმარტა, რომ მნიშვნელოვანია, ყველა შესაძლო დანაშაულს სამართლებრივი პასუხი გაეცეს.

თემაზე კეთდება პოლიტიკური შეფასებები. მმართველი გუნდის წევრი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი მამუკა მდინარაძის გამოკვეთილ როლს უსვამს ხაზს.

"საქართველოს ხელისუფლებას მიზნად აქვს, რომ სახელმწიფოში კანონი კანონობდეს და კონსტიტუციური წესწყობილება იყოს შეუვალი, რომ პასუხისმგებლები იყვნენ არამარტო დამნაშავე დემონსტრანტები თუ სხვა პირები, არამედ დამნაშავე სამართალდამცავებიც. ამ გზით მიდის სახელმწიფო. ბუნებრივია, რომ ამას სჭირდება პოლიტიკური ნებაც და კონკრეტული ქმედებები.

ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბატონი მამუკა მდინარაძის როლი არის გამოკვეთილი, რადგან რაც მან ამ პოზიციაზე დაიწყო მუშაობა, ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყო თუ კოორდინაცია მთავრობაში სამართალდამცავი და საგამოძიებო საქმიანობისა, რომელსაც ასეთი რეზონანსული სახე აქვს, ამან თავისი შედეგი მოიტანა," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

ცნობისთვის, საქმეზე დაკავებულების მიმართ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობის გამოყენებით. დანაშაული 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები