04 აგვისტო 2026,   15:16
ვრცლად
ოპოზიცია ერთმანეთის შემდეგ საკუთარ ამომრჩეველსაც უპირისპირდება - ზურა გირჩი ჯაფარიძე აღიარებს, რომ ალიანსს ხალხის მობილიზება უჭირს, პასუხისმგებლობას კი მომხრეებს აკისრებს

ოპოზიცია ერთმანეთის შემდეგ უკვე საკუთარ ამომრჩეველსაც უპირისპირდება - ეპითეტებით, რომელიც ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას ეკუთვნის. ზურა გირჩი ჯაფარიძე აღიარებს, რომ ალიანსს ხალხის მობილიზება უჭირს, რაზეც პასუხისმგებლობას თავად მომხრეებს აკისრებს. სკეპტიკურად განწყობილებს შეურაცხყოფით პასუხობს და პრეტენზიებს არ იღებს მათგან, ვისაც ოპოზიციის მისამართით კითხვები აქვს. პარტიებს შორის მიმდინარე საჯარო დაპირისპირების ფონზე უკვირს, რამ გამოიწვია იმედგაცრუება მათსავე მხარდამჭერებში.

ჯაფარიძემ ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელში გაავრცელა, რასაც ოპოზიციის მომხრეებისგან მწვავე რეაგირება მოჰყვა. ყველამ შეახსენა წარსული - შეცდომები და უმოქმედობა. იყო საპასუხო შეურაცხყოფებიც. აქტივისტებმა მიუთითეს, რომ პოლიტიკოსი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა და მორიგ ჯერზე ჩავარდნილ ტაქტიკას სხვებს ვერ გადააბრალებს.

თავად ალიანსის წევრები აღიარებენ, რომ მხარდამჭერებთან დაპირისპირება მეტ ფრუსტრირებას იწვევს და ეს ოპოზიციისთვის კონტრპროდუქტიულია. თუმცა იქვე, საკუთარ მომხრეებს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობასაც ახსენებენ.

არც მცირედი გაუგებრობა ყოფილა და არც არაფერი დასრულებულა - "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, აქტივისტების მსგავსად, ყოფილ "ნაციონალებს" ბრძოლის სტრატეგიას ისევ უწუნებს. ხაბეიშვილს ჩერგოლეიშვილი პასუხობს.

ტონი, რომლითაც ოპოზიცია ერთმანეთს და საკუთარ მხარდამჭერებს მიმართავს, მმართველი პარტიის შეფასებით, ადასტურებს, რომ ოპოზიცია ელექტორალურ კრიზისშია. სწორედ ამას უკავშირებენ მასშტაბურად დაანონსებულ და დროზე ადრე დასრულებულ მათ რეგიონულ ტურნესაც.

არჩევნების მუდმივი ბოიკოტირება, ანგარიშვალდებულება არა საკუთარ ამომრჩეველთან, არამედ მხოლოდ გარე ძალებთან - პარლამენტის სპიკერი ამბობს, რომ ოპოზიციამ საკუთარი ქმედებებით მხარდამჭერები უკვე დაკარგა, ახლა კი, ისედაც მცირერიცხოვან მომხრეებსაც უპირისპირდება.

სწორედ მხარდამჭერების მცირე რაოდენობით ხსნის "ქართული ოცნება" პოლიტიკური მარცხით დასრულებულ იმ რეგიონულ ტურნეს, რომელიც ალიანსმა მხოლოდ სამ ქალაქში ჩაატარა, საჯარო შეხვედრების სახელით, თუმცა დახურული ფორმატით.

დღის ამბები