კონტრდაზვერვის სამსახურის მიერ დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალი სუს-ის შენობაში, ადვოკატის თანდასწრებით წარედგინა. ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანს, გამოძიება ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ჯაშუშობას ედავება. ადვოკატის ინფორმაციით, უმძიმეს დანაშაულში მხილებული გიორგი უძილაური გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და არც წარდგენილ ბრალს აღიარებს.
ჯაშუშობის სქემა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაშიფრა. არაერთი, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ უძილაური უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს საიდუმლო ინფორმაციას სისტემატურად და ფულის სანაცვლოდ აწვდიდა.
კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გიორგი უძილაურს ხელბორკილები გუშინ დაადეს. ჯაშუშობის საქმის დეტალები და ბრალდებულის ვინაობა "რუსთავი 2-მა" გაარკვია.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს ხელმძღვანელი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა. გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებული საიდუმლო ინფორმაციის მოსაპოვებლად პირად კონტაქტებს და სხვადასხვა დროს თანამდებობრივ მდგომარეობას იყენებდა. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ინტერესის სფერო სამართალდამცავ უწყებებში არსებული ვითარება, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ ინფორმაცია და პოლიტიკური-ეკონომიკური პროცესები იყო. დამკვეთამდე საიდუმლო მონაცემები სხვადასხვა გზით მიდიოდა.
კონტრდაზვერვის სამსახური ჯაშუშების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას აანონსებს. 22 აპრილს სუს-მა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი კიდევ რამდენიმე პირი გამოავლინა.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ჯაშუშების გამოვლენა რთული, ხანგრძლივი და გასაიდუმლოებული პროცესია. დღეს არსებული გამოწვევების ფონზე კი, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობა სუს-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ბრალდებული უძილაური წარსულში "ქართუ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო, დაკავებამდე კი ფინანსურ პოლიციაში მაღალ თანამდებობას იკავებდა. ჯაშუშობაში მხილებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ავტორი: ნანა გოგატაძე