"საქართველოს ხელისუფლებამ არამხოლოდ საქართველო გადაარჩინა ეკონომიკურ ნგრევას, იმით, რომ არ ავყევით ჩვენ ბრიუსელის მოწოდებებს და "რჩევებს," არამედ გადავარჩინეთ ევროკავშირიც, რომელსაც, აქ რეგიონი თუ აირეოდა, უარესი ეკონომიკური ნგრევა ექნებოდა თავად ევროკავშირში", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ევროპელ ბიუროკრატებს გეოგრაფიასთან ჭიდილი არ გამოუვათ.
"რა თქმა უნდა, ეს არის ბუნებრივი პროცესი, რომელიც სიახლე არ არის. ასე არის საუკუნეები. აბრეშუმის გზამ ტყუილად კი არ გაიარა აქ, იმიტომ გაიარა, რომ მაშინაც ისე, როგორც ახლა, ეს იყო ყველაზე მოკლე, ყველაზე უსაფრთხო დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის. ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი გეოგრაფიაში ვერ ერკვევა, როგორც ამას წინ ერთ-ერთ სიუჟეტში ვნახეთ, მათ შორის, საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა ირანი ვერ მოძებნა რუკაზე. ასე ვერ ეძებენ ხოლმე, სად არის საქართველო და ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს ჰგონია, საქართველოს შეიძლება თავზე გადაახტე და ისე დააკავშირო ევროპა-აზიასთან, მაგრამ გეოგრაფიასთან ჭიდილი ჯერ არავის მოუგია. ასე, რომ ის ბიუროკრატები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს გვერდის ავლით ან საქართველოს ვერ დანახვით რაიმეს შეძლებენ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დამარცხდებიან გეოგრაფიასთან.
რაც შეეხება საქართველოს როლს, ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, შევსულიყავით რუსეთთან ეკონომიკურ ომში, რისკენაც ისინი გვიბიძგებდნენ, სანქციების დაწესებით, ჰაერის ჩაკეტვით და ა.შ. რა გაზს მიიღებენ და რის ტრანსპორტირებას შეძლებდნენ დღეს ევროკავშირში, ამაზე უნდა დაფიქრდნენ.
ისინი არამხოლოდ ჩვენ გვაზიანებენ, ბრიუსელის ბიუროკრატიის მთელი პრობლემა არის ის, რომ ისინი არავისგან არჩეული ხალხია, რომლებიც არ მოქმედებენ საკუთარი ხალხის, ვგულისხმობ ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესებითაც კი. ისინი არამხოლოდ ჩვენ გვაზიანებდნენ და ეკონომიკურ ნგრევისკენ გვიბიძგებდნენ, ისინი ევროკავშირსაც აზიანებდნენ. ჩვენ რომ მათ ავყოლოდით და შევსულიყავით ეკონომიკურ ომში რუსეთთან, საქართველოს ეკონომიკურ ნგრევასთან ერთად, ისინი აბსოლუტურად მოწყვეტდნენ საკუთარ წვდომას ენერგეტიკულ რესურსებსა და ტრანსპორტირების გზებზე. ასეთ ხალხთან გვაქვს ჩვენ საქმე, როდესაც ვსაუბრობთ ევროპულ ბიუროკრატიაზე, რომლებიც საკუთარი ცხვირის იქით არ იყურებიან, ერთადერთი, რასაც ხედავენ საკუთარი სამუშაო ოთახის მაგიდაა, სადაც რაღაც ფურცელს დაუდებენ და იმ ფურცლის მიხედვით უნდა იმოქმედონ.
რა ხდება გარეთ ევროკავშირში და პრობლემებიც ახლა აქვს ევროკავშირის ეკონომიკური სტაგნაციის პირობებში, ესეც არის მათ შორის, ბრალი ევროპელი ბიუროკრატების წინდაუხედავი ქცევისა და უარესი იქნებოდა ჩვენ რომ მათთვის დაგვეჯერებინა. ასე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არამხოლოდ საქართველო გადაარჩინა ეკონომიკურ ნგრევას, იმით რომ არ ავყევით ჩვენ ბრიუსელის მოწოდებებს და "რჩევებს," არამედ გადავარჩინეთ ევროკავშირიც, რომელსაც აქ რეგიონი თუ აირეოდა, უარესი ეკონომიკური ნგრევა ექნებოდა თავად ევროკავშირში," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.