პროექტი, რომელიც ჰორმუზის სრუტიდან გემების გაყვანას ითვალისწინებს, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დროებით შეჩერდება, - ინფორმაციას შტატების პრეზიდენტი TRUTH SOCIAL-ზე ავრცელებს.
დონალდ ტრამპის განცხადებით, მან ეს გადაწყვეტილება თეირანსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებაში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე დაყრდნობით მიიღო. ირანის განმარტებით კი შეერთებულმა შტატებმა "პროექტ თავისუფლების" მიზნებს ვერ მიაღწია და ტრამპმა ის "თეირანის მხრიდან მტკიცე პოზიციისა და გაფრთხილებების შემდეგ" გააუქმა.
მანამდე, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ირანში ოპერაცია "ეპიკური მრისხანების" დასრულების შესახებ განაცხადა. მედიასთან საუბრის დროს, მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ ამ ოპერაციით დასახული ყველა მიზანი მიღწეულია.
პარალელურად, დაპირისპირება გრძელდება ლიბანში ჰეზბოლასა და ისრაელის სამხედრო ძალებს შორის. "ცაჰალის" ინფორმაციით, დაჯგუფების ორმა შეიარაღებულმა წევრმა მათი ჯარისკაცების მიმართულებით ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა ისროლა. საპასუხოდ, მათ "ჰეზბოლას" ინფრასტრუქტურულ ობიექტზე მიიტანეს იერში. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.