04 აგვისტო 2026,   00:13
ვრცლად
კარგად ნაცნობი ავტორი და ნარატივი - რა წერია საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის ანგარიშში და რა შეფასებები კეთდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში

ევროდეპუტატების ყრილობა საგარეო საქმეთა კომიტეტში ჩატარდა, სადაც საქართველოს შესახებ მორიგი ანგარიში მიიღეს - კარგად ნაცნობი ავტორით და კარგად ნაცნობი ნარატივით. რასა იუკნევიჩიანეს ინიციირებული დოკუმენტი უკვე მეორე პროექტია, რომელიც ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის გათვალისწინებით საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის შესახებ მომზადდა. პათოსი უცვლელია. უცვლელია საქართველოს ხელისუფლების პასუხიც - მტრული რეზოლუცია და გაუფასურებული დეზინფორმაცია. "ქართულ ოცნებას" უკვე დიდი ხანია არ უკვირს, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერი ევროპარლამენტარები ევროპის სახალხო პარტიიდან, ქართული ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებენ.

კომიტეტის სხდომაზე პროექტი დღეს თავად ავტორმა წარადგინა. ლიეტუველი დეპუტატის, რასა იუკნევიჩიანეს ანგარიშის პირვანდელ ვერსიასთან ერთად, ინიციირებული იყო ათეულობით შესწორებაც.

ისმოდა განსხვავებული მოსაზრებებიც. მაგალითად, გერმანელი დეპუტატები გმობდნენ საქართველოს შიდა პოლიტიკაში გარე ჩარევას და სუვერენიტეტის უგულებელყოფას. განსხვავებული პოზიცია არ გაითვალისწინეს, თუმცა გაითვალისწინეს რასა იუკნევიჩიანეს თანაპარტიელების მოსაზრებები მედიასთან დაკავშირებით რომელიც ტელეკომპანიების "იმედის," "რუსთავი 2-ის" და POSTV-ის წინააღმდეგ შემზღუდავ ზომებს ითხოვს. რატომ ესხმიან თავს მედიის თავისუფლებას? - პრემიერ-მინისტრის თქმით, ევრობიუროკრატების მიდგომები მკაფიოდ აჩვენებს ევროპარლამენტის სისტემურ პრობლემას.

ევროპელ ბიუროკრატებს ეთანხმება და ანგარიშის შინაარსს სრულად იზიარებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები არ უარყოფენ, რომ მსგავსი დოკუმენტების მიღებისთვის თავადაც აქტიურად მუშაობენ.

უსამართლო რეზოლუციების რაოდენობა და შანტაჟი არ მოქმედებს - აცხადებს მმართველი პარტია. "ქართული ოცნებაში" ამბობენ, რომ ევრობიუროკრატები დღეს განსხვავებული აზრის ჩახშობას ცდილობენ, მსგავსი დოკუმენტებით კი კეტავენ კონსტრუქციული დიალოგის სივრცეს.

იუკნევიჩიანეს ავტორობით მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით ინიციირებულია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტიც, რომელსაც კენჭს უკვე ივნისში უყრიან.

დღის ამბები