04 აგვისტო 2026,   07:40
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, ბადრი ჯაფარიძე ბრიტანეთის საელჩოში დახურულ შეხვედრაზე იმყოფებოდა - "ქართული ოცნება" ელჩების მხრიდან რადიკალიზმის წახალისებაზე საუბრობს

დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან "კურიერის" გადამღები ჯგუფი დღეს, დაახლოებით, პირველ საათზე მივიდა, თუმცა ბადრი ჯაფარიძესა და ელჩს შორის შეხვედრა უკვე დასრულებული იყო. "ლელოს" ლიდერი დიპლომატიურ უწყებაში ინგლისელმა დიპლომატმა თავად დაიბარა.

გარედ უორდთან კონსპირაციული შეხვედრის შემდეგ, ბადრი ჯაფარიძემ კრწანისის ქუჩიდან ვირსალაძის ქუჩაზე, დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გადაინაცვლა, თუმცა, ამჯერად პარტიის სხვა წევრებთან ერთად. "ლელოს" ლიდერმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრა არ უარყო, მეტიც - თქვა, რომ სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებს რეგულარულად ხვდება და ინფორმაციასაც აწვდის.

უცხო ქვეყნის ელჩებთან კარდაკარ სიარულით, შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია პოლიტიკურ რეალობას მაინც ვერ შეცვლის. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ოპონენტებს ურჩევს, მხარდამჭერები არა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, არამედ შიგნით ეძებონ. შალვა პაპუაშვილის თქმით, ელჩების მხრიდან ფსონის იმ პოლიტიკურ პარტიაზე დადება, რომელიც ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატებზე უარს ამბობს და დემოკრატიულ პროცესებს ემიჯნება, თავად ამ დიპლომატების გაცხადებულ მიზნებზე მიუთითებს.

ბადრი ჯაფარიძე ერთადერთი არ არის, ვინც საქართველოს შესახებ ინფორმაციას უცხო ქვეყნის ელჩებს აწვდის. გრიგოლ გეგელიამ ღიად თქვა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ის ოთხ ელჩს შეხვდა.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ყველა, ვინც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ უცხო ძალის სამსახურში ჩადგება, ქართველ ხალხთან დამარცხდება. სახელისუფლებო პარტიიდან დიპლომატებს კვლავ დიპლომატიურ ჩარჩოებს ახსენებენ და იმედს იტოვებენ, რომ ელჩები ოპოზიციას არა პოლარიზაციის გაღრმავებასა და რადიკალიზაციის წახალისებას, არამედ დემოკრატიულ პროცესებში ჩართვას ურჩევენ.

დიდი ბრიტანეთის ელჩი, რომელიც ოპოზიციის მხარდაჭერით და მმართველი გუნდის კრიტიკით გამოირჩევა, ხელისუფლების ოპონენტებს ხშირად ხვდება. "ლელომდე" იყო ყოფილი და მოქმედი ნაციონალების ალიანსი, რომლის წევრებსაც გარედ უორდი ორი კვირის წინ შეხვდა.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები