ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო. ამავე დოკუმენტზე დაყრდნობით ინიცირებულია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი. საკითხზე მომხსენებელია ლიეტუველი ევროპარლამენტარი, EPP-ის წევრი, რასა იუკნევიჩიენე.
"სამწუხაროდ, ჩანს, რომ საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საზოგადოებისა და მთელი პროევროპული პოლიტიკური სპექტრისთვის ეჩვენებინა: ქვეყნის დღევანდელი ტრაექტორია ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის კანდიდატობის ძირითად კრიტერიუმებს. ჩვენ ამ ანგარიშს ერევანში სპეციალური ფორუმის ფონზე ვიღებთ. ვფიქრობ, ყოველი პროდასავლურად განწყობილი ქართველი ბედნიერია, რომ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის პერსპექტივა ცოცხალია, თუმცა მესმის ქართველების იმედგაცრუება, რომ თბილისი ამის მიღმა დარჩა. მე მჯერა საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული პერსპექტივის", - აცხადებს რასა იუკნევიჩიენე.
ანგარიშის ავტორის, ევროპის სახალხო პარტიის წევრის და ლიეტუველი ევროპარლამენტარის, რასა იუკნევიჩიანეს მხრიდან კრიტიკული განცხადებები ისმოდა, თუმცა განხილვის დროს აღინიშნა ისიც, რომ დოკუმენტის პირვანდელ ვერსიაში შესწორების შეტანას ცდილობდნენ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლთებიც მხარს უჭერენ "ქართული ოცნების" პოლიტიკას.
"უბრალოდ ოქმისთვის მინდა აღვნიშნო, რომ არსებობს ამ მოსაზრებებზე განსხვავებული პოზიცია "სუვერენული ერების ევროპის" ჯგუფის სახელით, რომელიც ბატონმა ნოიჰოფმა წარადგინა", - აღნიშნა ევროპარლამენტარმა სტანისლავ სტოიანოვმა.