03 აგვისტო 2026,   20:46
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე - რა შეხვედრები ჰქონდა ირაკლი კობახიძეს სამიტის ფარგლებში და რა თემებზე გაამახვილა ყურადღება

დაკავშირებადობა, რომელიც ევროპის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის აუცილებელია, სამხრეთ კავკასიას და უშუალოდ საქართველოს კი ახალ პერსპექტივებს უჩენს - ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის სადისკუსიო ერთ-ერთი თემა სწორედ ეს საკითხი იყო.

სომხეთის დედაქალაქში შეკრებილ ევროპელ ლიდერებს ჰქონდათ შესაძლებლობა, საქართველოს პოტენციალსა და იმ რესურსზე მიეღოთ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ქვეყანა გეოგრაფიული მდებარეობით 7 სახელმწიფოს აკავშირებს ევროპასთან, რაც დადასტურებაა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს როლი შუა დერეფანში და, საბოლოოდ, ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

50-მდე ქვეყნის ლიდერი სომხეთში ერთი დევიზის გარშემო გაერთიანდა. სამიტის ფარგლებში განსახილველ საკითხებს შორის მთავარი "მომავლის მშენებლობა" და "ევროპაში ერთიანობისა და სტაბილურობის გაძლიერებაა". ამიტომ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში, სახელმწიფოების ლიდერების გარდა, ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელი პირებიც მონაწილეობდნენ. წლევანდელი სამიტი ისტორიაში პირველია, როდესაც მას არაევროპის კონტინენტის წარმომადგენელი სახელმწიფო ესწრება. კანადის პრემიერ-მინისტრმა ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ლიდერთა ჩართულობას გულისხმობდა. სამიტის ოფიციალურად გახსნისა და ერთობლივი ფოტოს გადაღების შემდეგ კი შეხვედრებმა სხვადასხვა ფორმატში გადაინაცვლა.

სამიტის ფარგლებში, ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის რიგით მეორე შეხვედრას პანელური დისკუსია დაეთმო. საქართველოს გამოწვევებსა და ხელისუფლების მიდგომებზე შეხვედრის მონაწილეებს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლის დროს მიმართა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სატრანზიტო ქვეყნის პუნქციიდან გამომდინარე, ნარკოტიკებით საერთაშორისო ვაჭრობა განსაკუთრებული პრობლემაა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ხელისუფლების პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს.

ძლიერი დაკავშირებადობა, როგორც გრძელვადიანი სტაბილურობის უმთავრესი წინაპირობა - ამ მიმართულებაზე გააკეთა აქცენტი ირაკლი კობახიძემ მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში. სიტყვით გამოსვლის დროს, პრემიერ-მინისტრმა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სატრანზიტო და ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაციაზე, პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და იმ სტრატეგიულ პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც საქართველოს მოკავშირეებთან ერთად ახორციელებს. შეხვედრას, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი, ეუთოს გენერალური მდივანი და არაერთი ქვეყნის პრეზიდენტი, თუ პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა, ნორვეგიის, კანადის, ბელგიისა და ხორვატიის მთავრობის მეთაურები თანათავმჯდომარეობდნენ.

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტი ერევანში 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამ შინაარსის ღონისძიების მასპინძელი სომხეთი პირველადაა. წლების განმავლობაში პირველად მოხდა ისიც, რომ ოფიციალურმა ბაქომ ოფიციალური ერევნის მიერ ორგანიზებულ სამიტში დისტანციურად, თუმცა მაინც მიიღო მონაწილეობა. პირველი პანელური დისკუსია ნიკოლ ფაშინიანმა გახსნა და სამიტს ისტორიული უწოდა. თქვა, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის არქიტექტურის ჩამოყალიბებაში ამ შეხვედრებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა რომ რეალობაა, ამის დასტურად აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სამიტში მისი მონაწილეობა დაასახელა და განაცხადა, რომ ორივე სახელმწიფო ხედავს მშვიდობის პრაქტიკულ სარგებელს.

მშვიდობის უალტერნატივობაზე ისაუბრეს ევროპული საბჭოს და უკრაინის პრეზიდენტებმა. ანტონიო კოშტას თქმით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი მაგალითია იმის, რომ საქმისადმი ევროპულ მიდგომას კონკრეტული შედეგები და მშვიდობა მოაქვს.

სომხეთის დედაქალაქში ევროპელმა ლიდერმა შეკრება გუშინ დაიწყეს. საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე დახვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გუშინვე დაესწრო სომხეთის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის სახელით გამართულ მიღებას. ირაკლი კობახიძე ერევანს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი იყვნენ.

დღის ამბები