"საქართველოს ფისკალური ჩარჩო წინდახედული და სანდოა, ხოლო ბოლო პერიოდის განვითარება ასახავს ფისკალური დისციპლინის შენარჩუნებას და საჯარო ფინანსების ეფექტიან მართვას" - ამის შესახებ საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორმა, Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით: "2025 წელს ფისკალური დეფიციტი შემცირდა და მშპ-ის 1.2% შეადგინა, რაც ძლიერი შემოსავლების მობილიზებითა და ხარჯების უფრო ზომიერი ზრდით იყო განპირობებული. ამავდროულად, საჯარო ვალი შემცირდა და ჩამოსცდა მშპ-ის 35%-ს, რაც მნიშვნელოვნად დაბალია ფართოდ გამოყენებულ წინდახედულობის კრიტერიუმთან შედარებით".
"საქართველოს უწყვეტი წვდომა კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებზე, მათ შორის ევროობლიგაციების წარმატებული რეფინანსირება ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესისა და ხელსაყრელი ფასების პირობებში, კიდევ უფრო ადასტურებს ნდობას ქვეყნის მაკროეკონომიკური მართვისა და ფისკალური სანდოობის მიმართ.
ამასთანავე, ფისკალური დისციპლინის შენარჩუნება კვლავ მნიშვნელოვანი იქნება საგარეო გაურკვევლობების მაღალი დონის გათვალისწინებით. ფისკალური რისკების მჭიდრო მონიტორინგი, განსაკუთრებით დაკავშირებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოებთან, საჯარო-კერძო პარტნიორობებთან და საჯარო ვალში სავალუტო კურსის რისკებთან, აუცილებელი იქნება ვალის მდგრადობის შესანარჩუნებლად და საჯარო ფინანსებზე შესაძლო ზეწოლის შესაზღუდად", - განაცხადა საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორმა.