05 აგვისტო 2026,   10:02
ვრცლად
ფასების რეგულირების კომისიის დასკვნა - სექტორული რისკების თავიდან ასარიდებლად, კომისია აგრესიული ჩარევის წინააღმდეგია და გრძელვადიან შედეგზე გათვლილი სისტემური გაჯანსაღების მომხრეა

სექტორული რისკებისა და გართულებების თავიდან ასარიდებლად, ფასების რეგულირების კომისია აგრესიული ჩარევის წინააღმდეგია და გრძელვადიან შედეგზე გათვლილი სისტემური გაჯანსაღების მომხრეა. საუბარია ევროკავშირში აპრობირებული არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივის დანერგვაზე, რომლის ფარგლებში საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდება. მიზანი საბაზრო სექტორის ძირითად მოთამაშეებს შორის სავაჭრო ურთიერთობების სტრუქტურული მოწესრიგებაა. ჩარევა აუცილებელია, თუმცა ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მიდგომა უნდა იყოს ზუსტი და წერტილოვანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკუეფექტის მიღების დიდი რისკია.

საპარლამენტო კომისიის დასკვნის მიხედვით, ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებაში, არამედ ქსელურ მარკეტებს, მწარმოებლებსა და დისტრიბუტორებს შორის არსებულ არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებშია. პრობლემების გამომწვევ მიზეზებშია კომერციულ ურთიერთობებში გამჭვირვალობის არარსებობა, გადასახადების დაგვიანება და ნაშთების მართვა. სისტემის სტანდარტიზაცია და გაციფრულება კი საოპერაციო მოდელს უფრო მოაწესრიგებს. ამიტომ, კომისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია მიწოდების ჯაჭვის შემცირება და ცენტრალიზებული დისტრიბუციის რეგიონული ცენტრების მოწყობაა.

საპარლამენტო კომისიამ სურსათთან ერთად მედიკამენტებისა და საწვავის ბაზარიც გამოიკვლია და რეკომენდაციები ამ მიმართულებითაც გასცა. დასკვნაში წერია, რომ მედიკამენტებზე რეფერენტული სისტემის და ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამის გაფართოება ფასების დარეგულირების კუთხით ეფექტურ შედეგს მოიტანს. კომისია საწვავის სექტორის წარმომადგენელ კომპანიებს მარაგების მართვის გაუმჯობესებას, იმპორტის წყაროების დივერსიფიკაციას, ლოგისტიკური ჯაჭვის ოპტიმიზაციას და თვითმომსახურების მოდელების ეტაპობრივ დანერგვას ურჩევს. ბავშვთა კვების პროდუქტებზე კი ცენტრალიზებული შესყიდვების მექანიზმის დანერგვის ინიციატივით გამოდის. რეკომენდაციები არის, თუმცა საპარლამენტო ოპოზიციის აზრით, არასაკმარისია სასურველი შედეგის მისაღებად. სწორედ ამ მიზეზით, ოპოზიციამ დასკვნას მხარი არ დაუჭირა.

ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს სპეციალიზებული ინსტიტუციური მექანიზმის შექმნასაც, რაც ბაზრის ეფექტიან მონიტორინგს, გამჭვირვალობას და კონკურენტული გარემოს გაჯანსაღებას უზრუნველყოფს. საუბარია ორი ალტერნატიული მოდელის შესაძლებლობაზე - ეს არის დამოუკიდებელი სექტორული მარეგულირებელი ორგანოს შექმნა და არსებული ინსტიტუციის, მაგალითად, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ფუნქციის გაფართოება.

საპარლამენტო კომისიამ საქმიანობა დაასრულა, თუმცა საკანონმდებლო ორგანო ამ თემაზე მუშაობას არ წყვეტს. კომისიის თავმჯდომარის ცნობით, შემუშავებული რეკომენდაციების ბაზაზე მთავრობა კონკრეტულ სტრატეგიას შეიმუშავებს. მექანიზმის ეფექტურობისთვის კი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება გახდება საჭირო.

სასურსათო პროდუქციაზე, მედიკამენტებსა და საწვავზე არსებული ფასების შესწავლის მიზნით, დროებითი კომისია პარლამენტში თებერვალში, 3-თვიანი უფლებამოსილების ვადით შეიქმნა და 11 სხდომა გამართა.

დღის ამბები