05 აგვისტო 2026,   12:09
ვრცლად
კანონი "შრომითი მიგრაციის შესახებ" - უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიტანის სერვისში, ტაქსის მძღოლებად და გიდებად ვეღარ დასაქმდებიან, დღეს კანონის ამოქმედებიდან დაწესებული 2 თვიანი საშეღავათო პერიოდი დასრულდა

ათასობით კურიერის და არა მარტო მათ, შრომით ინტერესებს დღეიდან კანონი გააუმჯობესებს. ამ სფეროში უცხო ქვეყნის მოქალაქეების უკონტროლო დასაქმებამ პრობლემები საკურიერო სფეროში დასაქმებულ ათასობით ადამიანს შეუქმნა. საკურიერო სფეროსთან ერთად, ანალოგიური გამოწვევებია ტაქსის მძღოლების შემთხვევაშიც. მომსახურების სფეროში დასაქმებულები ამბობენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კურიერად, ტაქსის მძღოლად და გიდად მუშაობის აკრძალვა, ადგილობრივი შრომის ბაზარს და საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას რადიკალურად გამოასწორებს.  

შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები 1 მარტიდან მოქმედებს, დღეს კი კანონის ამოქმედებიდან დაწესებული 2 თვიანი საშეღავათო პერიოდი დასრულდა. კანონის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვეღარ დასაქმდებიან მიტანის სერვისში, ტაქსის მძღოლებად და გიდებად. გიდების შემთხვევაში სრულად აკრძალულია ტურისტულ მარშრუტებზე უცხოენოვანი გიდების მომსახურება, ნაწილობრივ დასაშვებია სამთო გამცილებლების საქმიანობა.

კანონის აღსრულებას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია უზრუნველყოფს. არალეგალი მიგრანტების გამოვლენაზე მიგრაციის დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს. იანვარში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 232, თებერვალში კი 312 მოქალაქე გააძევეს. ეს მაჩვენებელი ჯამურად გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს თითქმის 350% პროცენტით აღემატება.

შრომითი მიგრაციის კანონში კრიტიკის საფუძველს ვერ ხედავს ოპოზიცია. ამბობენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებამდე, დამსაქმებელი ორიენტირებული უნდა იყოს ადგილობრივი რესურსით შეავსოს შრომითი ბაზრი.

მიგრაციული ნაკადების ზრდა მთელი მსოფლიოსთვის პრობლემაა. ბოლო წლების მონაცემებით, ეს გამოწვევა აუცილებელ რეაგირებას მოითხოვდა საქართველოს მხრიდანაც. კანონმდებლების განცხადებით, სწორედ ამიტომ მოამზადა მთავრობამ შესაბამისი ცვლილებები და მიზნად საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვა დაისახა.

არალეგალი მიგრანტების გაძევების სტატისტიკა მაღალია. მხოლოდ გასული წლის მონაცემები ბოლო ათწლეულის ჯამურ მაჩვენებელს აღემატება. 

დღის ამბები