07 აგვისტო 2026,   09:49
ვრცლად
დაპირისპირება ოპოზიციაში - ყოფილ ლიდერს ყოფილმა "ნაციონალებმა" ფეისბუქ გარჩევების დასრულებისკენ მოუწოდეს

პოლიტიკურ კაპიტალს ვეღარც "ნაციონალური მოძრაობა" ქმნის დამოუკიდებლად, თუმცა უკვე ღიად ამბობენ, რომ აღარც ყოფილ "ნაციონალებთან" თანამშრომლობაა მათთვის პრიორიტეტული. ოპოზიციურ ცხრიანში ფორმალურად, პრაქტიკულად კი მის მიღმა დარჩენილებმა, მსჯავრდებული ლიდერის მსგავსად, დღეს ოპონენტებად ქცეულ პარტნიორებზე მორიგი იერიში მიიტანეს - ჯერ პოლიტიკური სტრატეგია დაუწუნეს, შემდეგ მათ განცხადებებს ამორალური უწოდეს და ბოლოს ისიც კი დაამატეს, რომ მსჯავრდებული სააკაშვილის პოლიტიკურ წონას და მასშტაბს ვერცერთი გაუტოლდება.

კრიტიკა რომ უკუკრიტიკის გარეშე არასდროს დარჩება, "ნაციონალურ მოძრაობას", დღეს ყოფილი "ნაციონალების" ბანაკიდან შეახსენეს. ძველი სახეებით დაკომპლექტებული ახლების ტონი, სააკაშვილის პარტიის მისამართით უფრო კატეგორიულიც იყო.

ყველა მსგავს განცხადებას პერსონალურ იერიშად აღიქვამს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მასზე თავდამსხმელ ოპოზიციის ნაწილს პოლიტიკური მომავალი არ აქვს. სააკაშვილის ამ სტატუსს წინ უძღოდა ჩერგოლეიშვილის პოსტი, სადაც "ფედერალისტების" ლიდერმა თქვა, რომ რუსთავის ციხის პატიმარი საკუთარი პარტიითაა ფრუსტრირებული.

ყოფილ ლიდერს ფეისბუქ გარჩევების დასრულებისკენ მოუწოდეს ყოფილმა "ნაციონალებმა". გვარამია-მელიას გუნდში გადასული ნუგზარ წიკლაური დარწმუნებით ამბობს, რომ სახელის გატეხვის მცდელობები ოპოზიციური ფლანგის პოლიტიკური მარცხის წინაპირობა გახდება.

"ევროპული საქართველო" კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური გაერთიანების მთავარი პრობლემა - დახურულ კარს მიღმა ნათქვამის გარეთ, საჯაროდ გამოტანაა. ყოფილი "ნაციონალები" ამბობენ, რომ შეთანხმებული ურთიერთობის ფორმების დარღვევაზე პასუხისმგებლობა ყველას თანაბრად ეკისრება.

ყოფილი და მოქმედი "ნაციონალებით" შექმნილი ოპოზიციურ გაერთიანება, სახელისუფლებო გუნდისთვის განულებულია." ქართული ოცნებისთვის" ცხადია ისიც, რომ ნებისმიერი ერთობა, რომელიც უცხოელი დონორების დირექტივებით იმართება, დაშლისა და პოლიტიკური მარცხისთვისაა განწირული.

ყოფილი "ნაციონალები" საჯარო შეხვედრების სახელით, დახურულ კარს მიღმა შეკრებებს რეგიონებში უკვე რამდენიმე დღეა "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე მართავენ. ქუთაისი, ბათუმი და დღეს უკვე ფოთი - ოპოზიციის თითოეული შეკრება, მედიისთვისაც სრულად დახურული იყო.

დღის ამბები