04 აგვისტო 2026,   19:22
ვრცლად
მსოფლიოს საუკეთესო ფოტოები გამოვლინდა - კონკურსმა 200 ქვეყნის ნამუშევრები გააერთიანა, მექსიკელ​ ფაბიანი წლის ფოტოგრაფი გახდა

გაჩერებული დრო, ფერებში ასახული რეალობა და ერთი კადრი, რომელიც ზოგჯერ მთელ ცხოვრებას იტევს. ფოტოგრაფია - ხელოვნება, რომელიც ემოციას მეხსიერებად აქცევს.

430 000 ფოტო 200 ქვეყნიდან - Sony World Photography Awards-ის წლევანდელმა კონკურსმა გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლინა.

წლის მთავარი ფოტოგრაფის ტიტული მექსიკელ ცითლალი ფაბიანს მიენიჭა - სერიისთვის "Bilha, ჩემი დების ამბები". ეს ის შემთხვევა აღმოჩნდა, როცა ჟიური არა მხოლოდ ვიზუალური სიძლიერით, არამედ ღრმა სოციალური შინაარსითაც მოიხიბლა.

ფაბიანის სერია სამხრეთ მექსიკაში მცხოვრები ქალების ყოველდღიურობას ეხება. პროექტი აერთიანებს აქტივისტებსა და ხელოვანებს, რომლებიც საკუთარ ტერიტორიას და კულტურას იცავენ. ავტორი იდენტობის, მიგრაციისა და საზოგადოებასთან კავშირის საკითხებს იკვლევს. მისი ნამუშევრები მონაწილეებს არა მხოლოდ ობიექტებად, არამედ საკუთარი ისტორიის ავტორებადაც წარმოაჩენს.

როდესაც სტოკჰოლმის ცენტრში, სახვითი ხელოვნების სამეფო აკადემიაში ხანძარი გაჩნდა, მეხანძრეებმა დიდი ძალისხმევა გაიღეს ცეცხლის ლოკალიზებისა და ხელოვნების ნიმუშების გადასარჩენად - ეს ფოტოც ამ ისტორიის ნაწილია - "ისტორიის გადარჩენა ცეცხლისგან" - ახალგაზრდა ფოტოგრაფების კატეგორიაში გამარჯვებულ ფილიპ კანგასს ეკუთვნის.

თავისუფალ კატეგორიაში ელი ლეონტიევას პორტრეტი დაჯილდოვდა, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულ ვულკანოლოგს ეკუთვნის. ფილიპი მოქმედი ვულკანის ძირში გაიზარდა და პორტრეტი მას საკუთარ სტიქიაში ასახავს.

"ადგილი, სადაც ვთამაშობდი", "რა არის ქალაქი, თუ არა ხალხი?" - აჰმედ არნობიმ ამ ფოტოთი სტუდენტურ კატეგორიაში გაიმარჯვა. მისი სერია ბავშვობის სივრცეების გაქრობას და ურბანული ცვლილებების შედეგად წაშლილ მოგონებებს ეძღვნება.

სეუნგჰო კიმი პროფესიონალი ფოტოგრაფია, რომელმაც გადაწყვიტა დღევანდელი "კორეული აღზრდის პორტრეტი" ფირზე აღებეჭდა. ნამუშევარი აჩვენებს სოციალურ რეალობას, სადაც შობადობის კლებამ ოჯახის სტრუქტურა შეცვალა.

"მორწმუნენი" - ფირზე აღბეჭდილია რომის პაპის გარდაცვალება და ახალი პაპის არჩევის მოლოდინი. ჟან-მარკ კაიმისა და ვალენტინა პიჩინის ფოტოსერია ერთ სივრცეში რწმენისა და თანამედროვე მედიის თანაარსებობას აჩვენებს.

დოკუმენტური მასალა ბანგლადეშის ჰარარის რეგიონის არქიტექტურაზე, სადაც სახლები ხელოვნურ ბორცვებზეა აგებული. მუსონების - სეზონური ქარების დროს, ეს ადგილები კუნძულებად იქცევა და გადაადგილების ერთადერთი საშუალება ნავი ხდება. ზემოდან დანახული დასახლებები უნიკალურ ორნამენტებს ქმნის.

ალექსანდრ ბაღდასარიანი პროფესიონალთა კატეგორიაში მესამე ადგილის მფლობელი გახდა. ფოტოს ავტორი რვა თვის განმავლობაში საფრანგეთის არასრულწლოვანთა ციხეში მყოფთა ყოველდღიურობას აღწერდა.

პრესტიჟული კონკურსის ფინალისტებისა და გამარჯვებულების ნამუშევრების გამოფენა ყოველწლიურად ლონდონში, Somerset House-ში იმართება. ეს გამოფენა ფოტოგრაფიის სამყაროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, სადაც ერთ სივრცეში მნახველს შეუძლია კენიის ველური ბუნებიდან დაწყებული, ბანგლადეშის "წყალზე გაშენებული სახლებით" დასრულებული - ყველა ჟანრის ნამუშევარი იხილოს.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები