06 აგვისტო 2026,   02:20
ვრცლად
35 წელი თავდაცვის ძალების დაარსებიდან - 800-მა წვევამდელმა სამხედრო ფიცი საზეიმოდ დადო

საქართველოს დროშა, ეროვნული ჰიმნი და წვევამდელების სამხედრო ფიცი - თავდაცვის ძალების დაარსებიდან 35 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება 800 წვევამდელის მიერ სამხედრო ფიცის მიღებით დაიწყო. 31-ე და 43-ე ქვეითი ბატალიონების ახალწვეულებმა ღვთისა და ერის წინაშე ფიცი საზეიმოდ დადეს.

ჯარისკაცებს, რომლებიც ყოველდღიურად ღირსეულად მსახურობენ და ქვეყნის სუვერენიტეტს, მშვიდობასა და უსაფრთხოებას საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ, დღევანდელი იუბილე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილი მიულოცა. მისი თქმით, სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერა, პროფესიული განვითარება და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილური მომავლის საფუძველია.

ქართული ჯარი, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მთავარი გარანტი - სამხედრო მოსამსახურეებს იუბილე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მიულოცეს. მათ ყურადღება გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ ქვეყნის ძალა არა მხოლოდ იარაღში, არამედ მშვიდობის შენარჩუნებაშია.

35 წლის განმავლობაში გადალახული გამოწვევები და მიღწევები გაიხსენა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა. თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად, მან ხაზი გაუსვა ჯარის სიმტკიცის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალები ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე სანდო ინსტიტუციაა. უწყების ხელმძღვანელებმა სამხედროებს მხარდაჭერა აღუთქვეს.

წარმატებული სამხედრო მოსამსახურეები საზეიმო ღონისძიებაზე უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ, ხოლო ახალწვეულებმა ჯარისკაცის მრწამსი წაიკითხეს.

საიუბილეო ცერემონიის ნაწილი იყო თავდაცვის ძალების კუთვნილი ვერტმფრენებიც - მათ მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიას საქართველოს დროშებით და წარწერით - "35 წელი სამშობლოს სამსახურში" გადაუფრინეს. ვაზიანში ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თბილისის მერმა, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

დღის ამბები