საწვავის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესებზე საპარლამენტო კომისიამ ამჯერად ინფორმაცია 6 ნავთობკომპანიის ხელმძღვანელისგან მოისმინა. რა გავლენა მოახდინა საწვავის ფასზე ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა და საერთაშორისო ფაქტორებმა, შესაძლებელია თუ არა მარაგების ხარჯზე ფასების შენარჩუნება - ეს იმ შეკითხვების ძირითადი ნაწილია, რომელიც პარლამენტის დროებითი კომისიის წევრებმა ბიზნესის წარმომადგენლებს დაუსვეს.
ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს ფასების შემსწავლელი კომისიისთვის დეტალურად მოუწიათ იმის განმარტება, ვინ რამდენი თეთრით გააძვირა საწვავი. ეს ზრდა კი ზოგიერთ შემთხვევაში 38 თეთრს აღწევს, კომპანიებმა კონკრეტულ მაჩვენებლებზე ისაუბრეს. თქვეს ისიც, რომ ბოლო დროს ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში საწვავის ფასების ზრდა შედარებით ნაკლებია.
საქართველოში საწვავზე ფასის ზრდა მარტის მეორე ნახევრიდან დაიწყო. ნავთობპროდუქტების კომპანიების ხელმძღვანებელები პროგნოზისგან თავს იკავებენ, თუმცა კომისიის სხდომაზე თქვეს, რომ სიტუაციის დარეგულირების შემთხვევაში ფასების კორექტირებაც შესაძლებელია.
კაპიტალურ, საოპერაციო და საბიუჯეტო გადასახადებზე საუბრის გარდა, ბიზნესის წარმომადგენლებს კითხვები ნავთობპროდუქტების რეზერვების მოცულობაზე, ბენზინგასამართი სადგურების რაოდენობაზე, დასაქმებული თანამშრომლების ანაზღაურებაზე, ქსელებში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებულ ხარჯებზე და ხარისხის კონტროლზეც დაუსვეს.
ნავთობკომპანიების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრა პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შეაჯამა. შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, ბიზნესის მხრიდან მიღებული ინფორმაცია საბოლოოდ კომისიის დასკვნაში აისახება.
ნავთობპროდუქტების კომპანიების წარმომადგენლების მოსმენით, პარლამენტის დროებითმა კომისიამ მუშაობა დაასრულა. დასკვნა ხვალ უნდა წარადგინონ. კომისია თებერვლის დასაწყისში, სამი თვის ვადით შეიქმნა, მიზანი კი ფასწარმოქმნის მექანიზმების შესწავლის შემდეგ სხვადასხვა პროდუქტზე ფასების დარეგულირებისთვის რეკომენდაციების მომზადებაა.