04 აგვისტო 2026,   23:54
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გიგა ავალიანის დედა დაიკითხა, როგორც დაზარალებულის ადგილმონაცვლე - პროცესი ხვალ 15:00 საათზე გაგრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვანის პროცესი დასრულდა. გიგა ავალიანის დედამ, დაზარალებულის ადგილმონაცვლე, ეკა კუპატაძემ პროცესზე საკუთარ პოზიცია დააფიქსირა.

ეკა კუპატაძემ სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ  სასამართლო პროცესი ხვალ 15:00 საათზე გაგრძელდება. 

"დღევანდელი ჩემი სიტყვის სწორება იყო დღევანდელი ბრალდებულების მიმართ. მე დღეს აბსოლუტურად სხვა რამე ვისაუბრე, ვიდრე წინა სასამართლოზე პროცესზე. ის სასამართლო პროცესი ჩემთვის იყო უმძიმესი, თუმცა დღევანდელი კიდევ უფრო მძიმე. არც მე და არც თქვენ თვალში არ მოგვხვედრია აქამდე ანი ნასყიდაშვილის მხარე, რადგან იყვნენ ჩუმად, გამოდიოდა მხოლოდ მისი ადვოკატი და ამბობდა ერთი და იმავე რამეს - "არ ვაღიარებთ ბრალს"-ო. დღევანდელ სასამართლო პროცესზე არ მობრძანდა არც ანი ნასყიდაშვილი და არ მობრძანდა არც დედა, რომელიც წინა პროცესზე მოვიდა პირდაპირ სალონიდან მაკიაჟით, ასევე არ მოვიდა არც ადვოკატი ლევან სეფიაშვილიც და ზუსტად ეწერა ანი ნასყიდაშვილს, რომ მისი უფლებები უნდა დაეცვა ლევან სეფიაშვილს. შემოგვხედა პროცესის დაწყებამდე, სიტყვა მოგვიგდო და გავიდა. შემოვიდა აბსოლუტურად სხვა ადვოკატი, რომელიც დღეს პროცესზე არ უნდა ყოფილიყო, რაც ჩვენ არ გაგვიპროტესტებია, რადგან მასაც აქვს ორდერი და იჯდა სასამართლო პროცესზე. მის აღვირახსნილ ქმედებას კი ახსნა არ აქვს - წამებს მითვლიდა და მეუბნებოდა 6 საათამდეა სამუშაო დროო... სასამართლო პროცესი დაიწყო 16:40-ზე ნაცვლად 16:00 საათისა. ეს ადვოკატი კი პროცესის დაწყებამდე სამი წუთით ადრე მოვიდა, არც მისმენდა, სქროლავდა, შემდეგ კი 17:57 ზე აიღო ქურთუკი და ჩაიცვა, წამები დამითვალა, მერე, როცა მოსამართლემ კითხა, ასე უთხრა - 15 წუთზე მეტი დრო არ მაქვსო, ეს არის ამაზრზენი. სასამართლო პროცესი ჩაინიშნა ხვალ 15:00 საათზე, უღრმესი მადლობა მოსამართლეს," - აღნიშნა ეკა კუპატაძემ მედიასთან. 

დღის ამბები