რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. განცხადება პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა გააკეთა.
როგორც უშაკოვმა აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტსა და მის ამერიკელ კოლეგას შორის საუბარი საათ-ნახევარზე მეტხანს გაგრძელდა.
როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ განაცხადა, პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ ირანის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაციის დაწყება სრულიად "მიუღებელი და საშიში" იქნებოდა.
გარდა ამისა, Associated Press-ის ცნობით, ლიდერებმა მიმდინარე ომი განიხილეს, სადაც რუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ სამხედრო მოქმედებების განახლებას შესაძლოა, "მძიმე შედეგები" მოჰყვეს.
რუსული მედიის ცნობით, ეს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის გამართული მე-12 სატელეფონო საუბარია, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი 2025 წლის დასაწყისში თეთრ სახლში დაბრუნდა. ორი ქვეყნის ლიდერებს შორის წინა სატელეფონო საუბარი 9 მარტს გაიმართა.