რა ხდება ოპოზიციურ ალიანსში. კრიზისების განმუხტველი თუ დაპირისპირების ინიციატორი? "ნაციონალური მოძრაობა" თავის ლიდერს ერთობის იდეოლოგს უწოდებს, თუმცა ნაციონალებსა და ყოფილ ნაციონალებში მორიგი დაპირისპირების ინსპირატორი სწორედ ექსპრეზიდენტია.
საერთო წარსულის მქონე 9 პარტიისგან შემდგარი ალიანსი რუსთავის ციხის პატიმრის წერილების გამო დაქსაქსულია. ნაციონალები თბილისში, ყოფილი ნაციონალები რეგიონებში, ოპოზიციონერები ერთობაში თუმცა ერთმანეთის აღიარების გარეშე.
"ახლები", "გირჩი მეტი თავისუფლება", "ფედერალისტები", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ნაციონალებს" აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ რეგიონებში განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების ადამიანებს ხვდებიან. რეალურად კი აღმოჩნდა, რომ ქუთაისშიც და ბათუმშიც არათუ სხვა პარტიის მხარდამჭერები, არამედ დარბაზში მათთვის არასასურველი მედიაც კი არ შეუშვეს.
კრიზისი ალიანსში სწორედ მიხეილ სააკაშვილმა შექმნა, ეპისტოლარული აქტიურობით ციხიდან - წერილი წერილზე წერა, სადაც ფურცელზე გაფორმებული ერთობის წევრებს რეალობას აცდენილ მოლაპარაკე თავებს უწოდებდა. ბევრჯერ მოუწოდეს, დაეცვა წესები, თუმცა წესები მან თავადვე დაუწესა საკუთარ პარტიას. გასცა მითითებაც - ხალხთან ახლოს, თუმცა ალიანსის გარეშე - "ნაციონალური მოძრაობა" ლიდერის დირექტივას ასრულებს. "ფედერალისტები" და სხვები კი რეგიონებში დადიან - შეხვედრებზე, სადაც სააკაშვილის პარტიამ საკუთარი ფუნქცია ვერ ნახა.
თამარ ჩერგოლეიშვილი აზრს არ იცვლის და მხარდამჭერებს ქვეყნის სხვა ქალაქებში ეძებს. მათი ლიდერი ჩვენი ლიდერი არ არის - "ფედერალისტების" ლიდერმა სწორედ ქუთაისში გამართული შეხვედრის შემდეგ დაწერა, რომ მიშისტები შიშველი ფაქტებით ფრუსტრირებულები არიან. დღეს უკვე ბათუმში ჩავიდა - ისევ "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე.
ვინ აწყობს დებოშს? - ყოფილ "ნაციონალებს" ამაზე ღიად საუბარი არ სურთ. შეცდომად მიიჩნევენ იმას, რომ არსებული დაპირისპირება შიდა სამზარეულოდან გარეთ გამოვიდა და რომ შექმნისთანავე დაირღვა პრინციპი - რაც ალიანსში ხდება, ალიანსშივე რჩება.
ისტორიაც ერთი აქვთ და პარტიაც - მმართველი გუნდისთვის ყველა დროის "ნაციონალებისგან" შექმნილი ალიანსი ე.წ. კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობაა". სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ ამ გაერთიანების მორიგი მცდელობაც კრახით დასრულდება, რადგან პროცესები ხელოვნურად ინსპირირებულია - გარე დირექტივით, რომელსაც ქვეყნის შიგნით, მოსახლეობასთან კავშირი არ აქვს.
ალიანსისთვის დღევანდელ შეხვედრაზე არასასურველი მედია აღმოჩნდა, რომელიც დარბაზში არ შეუშვეს. მიზეზი, სავარაუდოდ, სწორედ ხალხის არასაკმარისი რაოდენობა იყო, რადგან შეხვედრა დათქმულ დროზე გვიან დაიწყო. წინასწარ ცნობილი არ ყოფილა არც კონკრეტული მისამართი. საჯარო შეხვედრების სახელით, თუმცა დახურულ კარს მიღმა, ალიანსი ხვალ უკვე ფოთში იკრიბება.