პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გერმანიის მთავრობაზე საუბრობს, რომლის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს შესახებ მონაცემებს 2024 წლის შემდეგ აღარ აახლებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ოფიციალურ ბერლინს დღეს კიდევ ერთხელ მიმართა და გერმანულ მხარეს ისევ შეახსენა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილია, 2024 წლის პირველი დეკემბრიდან კი, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას მაკა ბოჭორიშვილი იკავებს.
ვიდრე ოფიციალური ბერლინი დუმს, მას პროვოკაციაში ადანაშაულებს გერმანიის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის", რომელიც ბრიუსელისა და ბერლინის მხრიდან, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაზე უკვე დიდი ხანია ღიად საუბრობს.
კარგი ურთიერთობა სურს ოფიციალურ თბილისსაც. მმართველი გუნდის შეფასებით, გერმანიის მთავრობის პოზიცია საქართველოს მიმართ არასერიოზულია. "ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ მსგავსი ნაბიჯებით ქვეყანაზე გავლენის მოხდენას ევრობიუროკრატები ვერ შეძლებენ. ოპოზიციაში კი ამტკიცებენ, რომ ეს მხოლოდ ტექნიკური ხარვეზია.
გერმანული ადმინისტრაციის უმოქმედობა პრემიერისთვის კომიკურია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაგზავნილი ნოტა უკვე მესამე მიმართვაა თბილისიდან. გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე კი, ამ დრომდე საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილია მითითებული.