ჰერჩინსკის მეოთხედ დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში კვლავ განხილვის საგანია პოლიტიკურ სპექტრში.
მმართველ გუნდში ევროკავშირის ელჩს ორმაგ სტანდარტში კიდევ ერთხელ ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ბრიუსელის წარმომადგენლის რიტორიკა პოლარიზაციის წახალისებაა, რაც ძირს უთხრის საქართველოში ევროკავშირის ნდობას.
საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, ქართულ რეალობაში, 90-იანი წლების ტკივილის გაცოცხლება ელჩის მხრიდან სარისკო ნაბიჯი იყო, რადგან დიპლომატიური ეტიკეტით, ელჩი უნდა იყოს ობიექტური და პოლიტიკურად მიუკერძოებელი.
საკითხს აფასებს საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარის პირველი მოადგილე. გია ვოლსკის განცხადებით, ჰერჩინსკის განცხადება "თბილი სიტყვებით შეზავებული მუქარაა".
"ორმაგი სტანდარტი ვლინდება ძალიან ცუდი ფორმით. ჰერჩინსკი პიროვნულად რასაც გამოხატავს ქართველი ხალხის, მისი კულტურის თუ თვითმყოფადობის მიმართ, გულწრფელია, მაგრამ აქვს ინსტრუქცია, იმოქმედოს ისე, როგორც მოქმედებს. თუკი ადრე ხალხად მოიხსენიებდნენ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც რუსთაველზე ცეცხლს ანთებდა, ახლა მთელ ხალხს მიმართავს. ეს არის პირდაპირი მუქარა, შეზავებული თბილი სიტყვებით", - განაცხადა გია ვოლსკიმ.