18 ივნისი 2026,   19:52
ვრცლად
თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილს ბრალი სამი მუხლით წარედგინა

თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილს, კოულ ტომას ალენს ბრალი ოფიციალურად, სამი მუხლით წარედგინა: აშშ-ის პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, მძიმე დანაშაულის ჩადენის მიზნით შტატებს შორის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გადატანა.

თუ კოულ ტომას ალენს აშშ-ის პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა დაუმტკიცდა, შესაძლოა, მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს.

ფედერალურმა პროკურორმა, ჯოსლინ ბალანტინიმ განაცხადა, რომ ალენმა აშშ-ის პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობის გამო რამდენიმე შტატის საზღვარი გადაკვეთა.

თავად კოულ ტომას ალენი ბრალს არ აღიარებს.

ბრალდებული, ამ დროისთვის, პატიმრობაშია. მისი წინასწარი პატიმრობის საკითხზე სასამართლო სხდომა ხუთშაბათს გაიმართება, ხოლო წინასწარი მოსმენა 11 მაისს არის ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პირველ ლედისთან, მელანია ტრამპთან ერთად ესწრებოდა, სროლა იყო. სროლაში ეჭვმიტანილი პირი 31 წლის კოულ ტომას ალენია. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული მასალებიდან ირკვევა, რომ ის ლოს ანჯელესის მახლობლად, კალიფორნიის შტატის ქალაქ ტორენსში მასწავლებელი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე მან ოჯახს ელექტრონული ფოსტით მანიფესტი გაუგზავნა, სადაც ტრამპის ადმინისტრაციის წევრები სამიზნეებად დაასახელა.

დღის ამბები