ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ყოველწლიური სამიტების ჩატარების შეწყვეტას ან უფრო იშვიათად გამართვას გეგმავს, - ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამ ნაბიჯით, სავარაუდოდ, NATO-ს წევრი ქვეყნები ცდილობენ, თავიდან აიცილონ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან პოტენციურად დაძაბული შეხვედრა მისი პრეზიდენტობის პერიოდში.
გამოცემას ერთ-ერთი წყარო უცხადებს, რომ NATO-ს წევრები "ნაკლებ დრამატულობას და უკეთეს გადაწყვეტილებებს" ეძებენ, ხოლო ერთმა წყარომ კი განაცხადა, რომ სამიტები, შესაძლოა, ორ წელიწადში ერთხელ გაიმართოს. მისივე ცნობით, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ალიანსის გენერალური მდივანი, მარკ რუტე მიიღებს.
"უკეთესია, ნაკლები სამიტი გვქონდეს, ვიდრე – ცუდი სამიტები. ისევ და ისევ გვაქვს სამუშაო, ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ", – განაცხადა ერთ-ერთმა დიპლომატმა.
როგორც Reuters-ი წერს, NATO-ს სამიტების სიხშირე ალიანსის 77-წლიანი ისტორიის განმავლობაში იცვლებოდა, მაგრამ მისი ლიდერები 2021 წლიდან ყოველ ზაფხულს იკრიბებიან. წელს ისინი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში 7 და 8 ივლისს შეიკრიბებიან.