"[მშობლების] ნაწილთან კი, [მაქვს კომუნიკაცია], მაგრამ უშუალოდ ვინც აქციაზეა მათთან, ამ წუთას, ნამდვილად არ მაქვს. თუმცა ესეც არ არის პრობლემა, არც მშობლებთან მიმართებაში და არც იმ სპეციალისტებთან მიმართებაში, ვისაც შეიძლება, კითხვის ნიშნები ჰქონდეს - იქნება ეს ექიმი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი - ვისაც სურვილი აქვს," - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ "რუსთავი 2-ის" გადაცემა "ღამის კურიერში" დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების მოთხოვნასთან დაკავშირებით გააკეთა.
ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მზად არის, დაინტერესებულ პირებს შეხვდეს და ფართოდ იყოს ამ საკითხზე მსჯელობა საქმიანად, არგუმენტებით, რომელიც მოიცავს ამ მედიკამენტის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის თემებს.
"აქვე, თქვენი ეთერით ვაცხადებ, მზად ვარ, რომ ამ ხალხსაც შევხვდეთ, ვესაუბროთ, ავუხსნათ... ჩემზე მეტი ინფორმაცია ჩემს თანამშრომლებს აქვთ. მეც ვიქნები ჩართული, ჩვენი თანამშრომლებიც. ბუნებრივია, რომ ამაზე ფართოდ გვქონდეს მსჯელობა თუ, რა თქმა უნდა, ამას კიდევ არ დაერქმევა კონსპირაციული შეხვედრები და ა.შ. - ეს არ არის სწორი.
ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, საქმიანად საუბარი - არგუმენტებზე უნდა იყოს საუბარი, მათ შორის ისეთზე, რაც უკავშირდება ამ წამლის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას. ეს აუცილებელია, მაგრამ ამაზე უნდა ისაუბრონ ექიმებმა, სპეციალისტებმა, ხალხმა, ვისაც ამაში გადაწყვეტილების მიღება ეკუთვნის - არ შეიძლება ეს საკითხი განიხილებოდეს ან ემოციების, ან მიკერძოებული ადამიანების ინტერესების კვალდაკვალ, იქნება ეს კომერციული თუ პოლიტიკური," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები აქციებს მართავენ სიცოცხლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ძვირადღირებული მედიკამენტების ხელმისაწვდომობის მოთხოვნით. მათი შეფასებით, ყოველი დაგვიანებული დღე პირდაპირ აისახება ბავშვების მდგომარეობაზე და ზოგ შემთხვევაში, შეუქცევადი პროგრესირების რისკს ზრდის.
ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ ჯერ კიდევ არ არის საკმარისად დადასტურებული დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ახალი პრეპარატების ეფექტიანობა და მათი უსაფრთხოება. მათივე განცხადებით, გადაწყვეტილებების მიღება უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მედიცინას და საერთაშორისო სტანდარტებს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, ნებისმიერი დაფინანსებული მკურნალობა იყოს უსაფრთხო, ეფექტიანი და გრძელვადიანად გამართლებული.