19 ივნისი 2026,   01:12
ვრცლად
ირანის ელჩი პაკისტანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ირანის ელჩი რეზა ამირი მოღადამი, ისლამაბადში პაკისტანის პრემიერ-მინისტრს, შეჰბაზ შარიფს შეხვდა.

შეხვედრა მას შემდეგ გაიმართა, რაც თეთრი სახლი თეირანთან არსებული ზავის გახანგრძლივებას დათანხმდა.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოღადამი შარიფს რეგიონული ვითარებისა და სამშვიდობო ძალისხმევის განსახილველად ეწვია.

სამშაბათს გვიან ღამით, შარიფმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თხოვნის შესრულებისთვის და დასძინა, რომ ისლამაბადი "კვლავ გააგრძელებს ძალისხმევას კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარებისთვის".

მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, ისლამაბადი აშშ-სა და ირანს შორის მთავარ შუამავლად იქცა - პაკისტანი მხარეებს შორის გზავნილების გადაცემასა და დიალოგში იღებს მონაწილეობას.

სამშაბათს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანზე თავდასხმის გადადება "პაკისტანის ფელდმარშალ ასიმ მუნირისა და პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფის თხოვნით" გადაწყვიტა, მანამ სანამ თეირანი "ერთიან წინადადებას არ წარადგენს".

მოლაპარაკებების მეორე რაუნდის სტატუსი ჯერჯერობით გაურკვეველია. პაკისტანელი მაღალჩინოსნების თქმით, ირანს არ დაუდასტურებია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას აშშ-თან სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

გარდა ამისა, თეთრი სახლის წარმომადგენლის ცნობით, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის ისლამაბადში ვიზიტი, რომელიც მოლაპარაკებებს უნდა ჩადგომოდა სათავეში, გაუქმდა.


წყარო: CNN

დღის ამბები