აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ისრაელ-ლიბანის ცეცხლის შეწყვეტის დეტალებს აქვეყნებს, ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ისრაელსა და ლიბანს შორის 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დღეს, აღმოსავლეთის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
აშშ-ის განცხადებით, ორივე მხარე, რომელიც მიმდინარე კვირას ვაშინგტონში პირისპირ მოლაპარაკებებზე შეხვდა ერთმანეთს, “ადასტურებს, რომ ქვეყნები არ იმყოფებიან საომარ მდგომარეობაში და იღებენ ვალდებულებას, აწარმოონ კეთილსინდისიერი პირდაპირი მოლაპარაკებები აშშ-ის შუამავლობით”. შეთანხმების 6 მთავარ პუნქტი:
• ცეცხლის შეწყვეტა შეფასებულია, როგორც “ისრაელის მთავრობის კეთილი ნების გამოვლენა“.
• მოლაპარაკებებში პროგრესის შემთხვევაში, ზავი „შესაძლოა გახანგრძლივდეს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე“.
• ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, აშშ ხაზგასმით აღნიშნავს ისრაელის უფლებას, “ნებისმიერ დროს მიმართოს თავდაცვისთვის აუცილებელ ყველა ზომას დაგეგმილი, გარდაუვალი ან მიმდინარე თავდასხმების წინააღმდეგ“.
• ზავის ამოქმედებისთანავე, ლიბანის მთავრობა “გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, რათა აღკვეთოს ჰეზბოლასა და ქვეყანაში არსებული სხვა არაკანონიერი შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან თავდასხმები ისრაელზე“.
• მხარეები აღიარებენ “ექსკლუზიურ პასუხისმგებლობას ლიბანის სუვერენიტეტსა და ეროვნულ თავდაცვაზე“.
• ისრაელმა და ლიბანმა სთხოვეს აშშ-ს, “გააგრძელოს პირდაპირი მოლაპარაკებების ხელშეწყობა ორ ქვეყანას შორის ყველა დარჩენილი საკითხის გადასაჭრელად“.
“ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს მოლოდინი, რომ ისრაელი და ლიბანი ზემოაღნიშნულ ვალდებულებებს ამ განცხადების პარალელურად აიღებენ. ეს ვალდებულებები შექმნილია იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს კეთილსინდისიერი მოლაპარაკებებისათვის აუცილებელი პირობები ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად. გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს, სათავეში ჩაუდგეს საერთაშორისო ძალისხმევას ლიბანის მხარდასაჭერად, რაც ნაწილია რეგიონში სტაბილურობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისკენ მიმართული უფრო ფართო სტრატეგიის,"- ვკითხულობთ სახდეპის განცხადებაში.