საერთაშორისო სავალუტო ფონდის გრძელვადიანი პროგნოზით, საქართველო ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდის ტემპით მსოფლიო ლიდერებს შორისაა. ორგანიზაციის შეფასებით, 2013 წლიდან 2031 წლამდე პერიოდში, ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკის პროგრესით, ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო სამეულში კი, ევრაზიის მასშტაბით, პირველ ადგილზე მკვიდრდება. მომდევნო სამ წელში საქართველოს ეკონომიკა 25%-ზე მეტით გაიზრდება, რაც გაიანას შემდეგ მსოფლიოში საუკეთესო მაჩვენებელია. ფონდის პროგნოზით, 2031 წლისთვის ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველუნარიანი ეკონომიკა 47 000 დოლარს გადააჭარბებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის მიხეილ დუნდუას განმარტებით, 2028-2030 წლების დიაპაზონში საქართველო მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდება, და ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირის ინტეგრაციისათვის.
"საქართველომ მიიღო ძალიან ძლიერი შედეგები როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. მაგალითად, 3 წლიანი ეკონომიკური ზრდის ტემპით, ვგულისხმობ 1 სულ მოსახლეზე რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკის გაუმჯობესებას 2024-2026 წლებში. საქართველო მსოფლიოში გადის მეორე ადგილზე და ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ თუ ფართო რაკურსით შევხედავთ საკითხს, 2013-2031 წლის ეკონომიკური სისტემით 1 სულ მოსახლეზე რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკის გაუმჯობესებით საქართველო არის მსოფლიოს საუკეთესო სამეულში და ევრაზიაში არის პირველ ადგილზე.
მნიშვნელოვანია, რომ ფონდის პროგნოზით 2026 წელს საქართველოს 1 სულ მოსახლეზე მსყიდველუნარიანი ეკონომიკა ნომინალურად გადაასწრებს 33 000 აშშ დოლარის ნიშნულს პირველად, და მაგალითად, ევროკავშირის წევრ საბერძნეთთან ჩამორჩენას შეამცირებს მნიშვნელოვნად. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, რომლებსაც გვინდა მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მოპოვება, უკვე 2028 წლიდან გვეხსნება ეს პერსპექტივა და 2028-2030 წლების დიაპაზონში საქართველო გახდება მაღალშემოსავლიანი ქვეყანა, ყველაზე მზად ევროკავშირის ინტეგრაციისათვის", - აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა.