გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მსხვილი აგროსასურსათო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრები გაიმართა აგროინდუსტრიულ ჯგუფთან „Bonifiche Ferraresi”, ბიოენერგეტიკის სფეროში მოქმედი კომპანიის „Cavallari”, ერთ-ერთი უმსხვილესი კვერცხის მწარმოებელი კომპანიის „EUROVO” და მრავალპროფილური აგროინდუსტრიული კომპანიის „Mazzoni“ ხელმძღვანელებთან.
შეხვედრებზე მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აგროწარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების, ხარისხის და წარმოების უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დანერგვის, მართვის გაციფრულების მიმართულებებით საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების მნიშვნელობას.
"განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის ჩვენი სოფლის მეურნეობისთვის ერთის მხრივ როგორც პროდუქტიულობის ზრდა, ასევე სასურსათო მიმართულება. ზუსტად ამას ემსახურება ის ვიზიტი, რომელსაც ამ საწარმოებში ვახორციელებთ. ერთის მხრივ ვსწავლობთ საუკეთესო პრაქტიკებს, რომელიც ამ მიმართულებით არის, მეორე მხრივ არის შესაძლებლობა ცოდნის გაზიარებისა და ლაბორატორიულ შესაძლებლობებზე წვდომა გაჩნდეს. ცხადია, პირველ რიგში წაადგება სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაუმჯობესებას, ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის დარგის გაძლიერებას და ასეთი მსხვილი და დიდი კომპანიების ინტერესს ჩვენი ქვეყნების მიმართ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს", - აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი.