დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ვნების შვიდეულის შაბათია - დღე, როდესაც მაცხოვარი ჯვარცმის შემდეგ საფლავზე დაასვენეს. ამასთან დაკავშირებით ტაძრების გარშემო დილით გარდამოხსნის შემოტარების წესი სრულდება. შემდეგ კი ლიტურგია გაიმართება და მორწმუნეებს წმინდა ზიარების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადებიან საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში.
დეკანოზი, ირაკლი ნემსაძე დიდი შაბათის მნიშვნელობაზე საუბრობს.
"შაბათის ღვთისმსახურება ძალიან მნიშვნელოვანი მსახურებაა და იესო ქრისტეს სხეულით საფლავში, სულით ჯოჯოხეთში ჩასვლას და შემდეგ კაცობრიობის გამოხსნას ეძღვნება. დღეს ცისკარზე დილით იქნა გამობრძანებული გარდამოხსნა მგალობლებთან ერთად, წმინდაო ღმერთოს გალობით, მრევლთან ერთად, ბაირაღებით, ხატებით, ჯვრებით იქნა შემოტარებული სამგზის ტაძრის გარშემო. და შემდეგ ისევ ტაძარში ხდება შებრძანება გარდამოხსნის და მიბრძანება საკურთხეველთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მაცხოვარი არ განშორებია ღვთის წიაღს, არ განშორებია მამა ღმერთს და აღსავლის კართან მისვლა ნიშნავს, რომ ჩვენთვის, მართლმადიდებლებისთვის სამოთხის კარი გაიღო და შემდეგ ისევ გარდამოხსნა ბრუნდება ცენტრალურ ტაძარში და ყველა მორწმუნეს აქვს საშუალება, რომ ემთხვიოს გარდამოხსნას," - ამბობს დეკანოზი, ირაკლი ნემსაძე.
სიონის საპატრიარქო ტაძარში ღვთისმსახურება საღამოს 11 საათზე დაიწყება. ლიტურგიის მიმდინარეობისას გავრცელდება სააღდგომო ეპისტოლე. აღდგომის დადგომასთან ერთად, მორწმუნეთათვის 47-დღიანი მარხვაც დასრულდება. დღესვე, სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ წმინდა ცეცხლს, რომელიც მოგვიანებით მთელ ქვეყანაში გავრცელდება.