18 ივნისი 2026,   14:20
ვრცლად
ლევან მახაშვილი რუტეს განცხადებაზე: ძალიან სამწუხარო განცხადებაა, თუმცა არა - მოულოდნელი

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მარკ რუტეს განმარტება, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი უახლოეს პერიოდში არ გადაწყდება, მოულოდნელი არ ყოფილა.

"ეს ძალიან სამწუხარო განცხადებაა, თუმცა არა - მოულოდნელი. ყველა ხედავს ბოლო თვეების, წლების განმავლობაში, რომ რეალურად, NATO გაფართოებას აღარ აპირებს მის აღმოსავლეთ საზღვრებზე. აქ, უბრალოდ, სამწუხარო ის არის, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დაიწყო ომი, სწორედ NATO-ს გაფართოებას უკავშირდება. ამდენი წელი აომეს, აბრძოლეს, დაშალეს ქვეყანა, ამხელა ტრაგედია გადაიტანა ქვეყანამ და დღეს აღმოჩნდა, რომ ეს იყო მხოლოდ გაბრუება ცრუ დაპირებებით მოსახლეობის. ცრუ დაპირებების საფუძველზე ქვეყნის ამხელა დონეზე გაწირვა. თუკი ვინმეს იმედი უნდა ჰქონდეს ქვეყანას, ეს არის საკუთარი ძალის, საკუთარი შესაძლებლობების და პოზიციების", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

NATO-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას და არც უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. მარკ რუტეს განმარტებით, ამ პროცესს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან რიგი ქვეყნები, მათ შორის გერმანია, სლოვაკეთი, უნგრეთი და შეერთებული შტატები.

რუტე მიიჩნევს, რომ კიევმა, NATO-ში გაწევრიანების ნაცვლად, ახლა უსაფრთხოების გარანტიებზე უნდა იფიქროს, რათა რუსეთის ხელახალი აგრესიისგან დაიცვას თავი.

დღის ამბები