3 ცვლილება, რომელიც საქართველოს 10 000-მდე მოქალაქეს ეხება - განათლების სამინისტროს ინიციატივით, ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების შედეგად გაცემული დიპლომები მაგისტრის ხარისხს გაუთანაბრდება. ეს ცვლილება ხელს შეუწყობს 2010 წლამდე გაცემული დიპლომების აღიარების პროცესის დახვეწას და მრავალი წლის განმავლობაში არსებული საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრას.
მსგავსი პრობლემა ჰქონდათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებსაც. რადგან ამ დრომდე მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თუ მოქალაქე 2010 წლამდე კონკრეტულ უნივერსიტეტში სწავლობდა 4-წლიან პროგრამაზე მისი დიპლომი უთანაბრდებოდა ბაკალავრის ხარისხს, მაშინ როცა იმავე უნივერსიტეტისა და პროგრამის მეორე კურსდამთავრებული, რომელმაც 5 წელი დაუსწრებლად ისწავლა, იღებდა მაგისტრის დიპლომს. ცვლილების მნიშვნელობაზე და აუცილებლობა აქცენტი დღეს თსუ-ს რექტორმაც გააკეთა.
განათლების სამინისტროს მეორე ინიციატივაც ათასობით ადამიანს ეხება. 2010 წლამდე არ არსებობდა სტუდენტების ინფორმირების ერთიანი სისტემა, რომლითაც სახელმწიფო სტუდენტებს მიაწვდიდა ინფორმაციას, რომ მათ უნივერსიტეტს შეუწყდა აკრედიტაცია. შესაბამისად, სტუდენტების დიპლომების აღიარება ვეღარ ხდებოდა.
სამინისტრომ ასევე გადაწყვიტა, რომ გაითვალისწინოს იმ სტუდენტთა ინტერესები, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ლიცენზიის მოპოვებამდე ჩარიცხეს უნივერსიტეტში.
განათლების სამინისტროს ინიციატივა მოიწონა მთავრობამ. პარლამენტში კი ცვლილებათა პაკეტი მომდევნო კვირაში დარეგისტრირდება.