07 აგვისტო 2026,   02:58
ვრცლად
თარიღი, რომელიც ქვეყნისთვის ერთდროულად გლოვისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა - როგორ შეხვდა 9 აპრილს ქვეყანა

გმირების პორტრეტები უკვე 37-ე წელია, ტრაგედიის ადგილს უბრუნდება. მათი ხსოვნის პატივსაცემად ყოველ 9 აპრილს ბრუნდებიან მემორიალთან მოქალაქეებიც - ტიტებით, სანთლებით და მადლობით თავგანწირვისთვის.

1989 წლის მოვლენების გახსენება განსაკუთრებით ემოციურია მათთვის, ვინც რუსთაველის გამზირზე ათწლეულების წინ თავად იდგა და მათთვის, ვისი ახლობლებიც სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეწირნენ.

თარიღი, რომელმაც საქართველოს უახლესი ისტორია განსაზღვრა - 9 აპრილის მემორიალთან დილიდანვე იმყოფებოდნენ ხელისუფლების პირველი პირები. პრეზიდენტმა, პრემიერმა, მთავრობისა და პარლამენტის წევრებმა პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას, საკუთარი სათქმელი კი წერილობით გამოხატეს.

"მადლობა თავისუფლებისთვის" - გმირებს მადლობას უხდის ირაკლი კობახიძე. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის დაღუპულებზე ვრცლად წერენ პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე.

9 აპრილი საქართველოსთვის რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეა, იციან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც. მემორიალთან დილიდანვე მივიდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ევროკავშირის, ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ელჩებმა, ასევე ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

დღის მეორე ნახევარში გამოჩნდნენ რუსთაველზე ოპოზიციის წარმომადგენლები. ე.წ. ოპოზიციური ალიანსის წევრები მემორიალთან ერთად მივიდნენ, განსხვავებით სხვა პარტიებისგან.

თარიღი, რომელიც ქვეყნისთვის ერთდროულად გლოვისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა - 9 აპრილის მემორიალთან პანაშვიდი გადაიხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ, რომლის დასრულების შემდეგაც მან ადგილზე შეკრებილებს სიტყვითაც მიმართა.

რუსთაველის გამზირმა 37 წლის წინ მოქალაქეები ერთი მიზნის გარშემო გააერთიანა, თუმცა დღეს ერთიანობის სიმბოლურ თარიღს ერთიანობის სიმბოლურ ადგილას ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. პარლამენტის წინ დილიდან შეიკრიბა მოქალაქეების გარკვეული ჯგუფი, რომელიც დაღუპულთა პატივსაცემად მისულებს, მათ შორის ცხრა აპრილის მონაწილეებს მემორიალთან მიახლოებაში ხელს უშლიდა. იყო კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება. 9 აპრილის მემორიალთან აქტივისტმა მარიამ მეყანწიშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ბექა დავითულიანს. ტერიტორიას განარიდეს რამდენიმე პირი. მათ შორის მამაკაცი, რომელიც მემორიალთან ხელისუფლების წარმომადგენლების მიტანილი გვირგვინის ტერიტორიიდან გატანას ცდილობდა.

9 აპრილის მონაწილეებმა და ამ დღის სიმბოლოდ ქცეულმა ადამიანებმა თავადაც ვერ გაიგეს, რატომ არ უშვებდნენ აქტივისტები მათ გმირების მემორიალთან.

რუსთაველზე იმყოფებოდნენ დღეს სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებიც, რომლებმაც გმირებს სათანადო პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს - დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. თუმცა, 9 აპრილი მხოლოდ ტრაგედია არ ყოფილა - რუსთაველის გამზირი ეროვნული გარდასახვისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა. ამ ტრაგიკული მოვლენებიდან ზუსტად ორ წელში, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

დღის ამბები