06 აგვისტო 2026,   05:04
ვრცლად
გლოვა და ეროვნული ერთიანობის დღე - რა ხდებოდა 37 წლის წინ 9 აპრილს

"გაიღვიძეთ… ხალხს ხოცავენ"… - ეს სიტყვები გამთენიისას მთელ საქართველოს მოედო. 1989 წლის 9 აპრილი - ღამე, როცა სიცოცხლის ფასად დაიბადა თავისუფლება. მაგრამ ეს ღამე მოულოდნელად არ დამდგარა. ბრძოლა თავისუფლებისთვის 9 აპრილამდე ბევრად ადრე დაიწყო, მაშინ როცა ე.წ. ლიხნის ასამბლეაზე საქართველოს აფხაზი მოსახლეობის ნაწილმა საქართველოსგან გამოყოფა და რესპუბლიკის სტატუსი მოითხოვა. როცა სულ უფრო აშკარა ხდებოდა, რომ საქართველოს ბედი თავად ქართველ ხალხს უნდა გადაეწყვიტა. 4 აპრილს დედაქალაქში მასშტაბური მანიფესტაცია დაიწყო.

თავდაპირველად მათი მოთხოვნა სეპარატიზმის წინააღმდეგ იყო მიმართული. მიტინგებს სათავეში ეროვნული მოძრაობა ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, ირაკლი წერეთლის, ირაკლი ბათიაშვილისა და გია ჭანტურიას მეთაურობით ჩაუდგა. ორ დღეში მოთხოვნა შეიცვალა.

რადიკალური მოთხოვნების მიუხედავად, შეკრება მშვიდობიან ხასიათს ატარებდა. პროტესტს დღითიდღე საქართველოს ყველა კუთხიდან ხალხი ემატებოდა. სტუდენტების გარდა, იყვნენ სკოლის მოსწავლეები, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლები, ცნობილი მეცნიერები, მწერლები და მხატვრები.

მათი ნება მტკიცე იყო. რაც უფრო იზრდებოდა ხალხის სიმტკიცე. მით უფრო მძიმდებოდა მოლოდინი. ქალაქში უკვე იგრძნობოდა, რომ რაღაც გარდაუვალი ახლოვდებოდა.

სპეცდანიშნულების რაზმები რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს გამთენიისას, 03:56 საათზე გამოჩნდნენ. იმ დროს პარლამენტის შენობის წინ, ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. რუსთაველზე სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა. ყველანი დარბევის მოლოდინში იყვნენ.

დარბევამდე რამდენიმე წუთით ადრე, მომიტინგეებს საქართველოს კათალიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ მიმართა.

პატრიარქის გამოსვლიდან რამდენიმე წუთში პარლამენტის შენობასთან უკვე შეიარაღებული ძალები გამოჩნდნენ. საგანგებოდ შემოყვანილმა სადესანტო შენაერთებმა მომიტინგეები ალყაში მოაქციეს. ნიჩბებითა და ხელკეტებით შეიარაღებულნი მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკ დარბევას იწყებენ.

ადგილზე 16 ადამიანი დაიღუპა. მომდევნო დღეებში დაღუპულთა რიცხვი 21 მდე გაიზარდა. უმრავლესობას ნიჩბებით მიყენებული დაზიანებები ჰქონდა. 9 აპრილის ღამეს ქიმიური გაზით 3500 ადამიანი მოიწამლა. ირაკლი ბათიაშვილი დაღუპულთა შორის იპოვეს.

ასე თენდება თბილისში. სისხლიანი დილა საბჭოთა არმიამ თბილისის ქუჩებიდან გადარეცხა, მაგრამ კვალი ვერ წაშალა. 10 აპრილს თბილისის ქუჩებში უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა. რუსთაველი ტიტებმა და სანთლებმა დაფარა.

ამავე დღეს, საქართველო New York Times-ის პირველ გვერდზე აღმოჩნდა - თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა მთელი მსოფლიო შეძრა.

9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლისთავზე საქართველომ 1918 წელს მოპოვებული და საბჭოთა ოკუპაციის შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა აღიდგინა.

მის მიღებას წინ 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმი უძღოდა, რომლის მონაწილეთა 99,08%-მა მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.

37 წელი გავიდა და ქართველმა ერმა დღეს კარგად იცის, რომ 9 აპრილი მხოლოდ ისტორია არ არის, არც მხოლოდ ტრაგედია და არც მხოლოდ სიხარული - ეს მეხსიერებაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა - თავისუფლებისთვის ბრძოლა მისი მოპოვებით არ სრულდება.

იმ დღეების ამსახველი კადრების დიდი ნაწილი, რომლითაც მომავალი თაობა ამ დღეს გაიხსენებს გოგა ხაინდრავას გადაღებულია. მათ შორის, ტრაგედიის წინ ნათქვამი მერაბ კოსტავას სიტყვაა, რომელიც ქართველი ხალხის კოლექტიურ მეხსიერებაში ყველაზე მძაფრად შემორჩა.

ამ ღამემ და მისმა გმირებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად ისტორიის გარდამტეხი მომენტი შექმნეს. 37 წელი გავიდა და ყველამ იცის, რომ 9 აპრილი მხოლოდ ისტორია არ არის, არც მხოლოდ ტრაგედია და არც მხოლოდ სიხარული - ეს მეხსიერებაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა მისი მოპოვებით არ სრულდება.

21 დაღუპული 200-მდე დაჭრილი და დასახიჩრებული და 3500-ზე მეტი - ფასი, რომელიც საქართველო დამოუკიდებლობისთვის გადაიხადა.

შემდეგ ყოველ მომდევნო თაობას მემკვიდრეობა დაუტოვა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა მისი მოპოვებით არ სრულდება. ყოველდღიური პროცესია.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები