ირანის პარლამენტის სპიკერი, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი აშშ-ს ზავის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს. განცხადება ისლამური რესპუბლიკის მაღალჩინოსანმა X-ზე გაავრცელა.
"ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ არსებული ღრმა ისტორიული უნდობლობა მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების სისტემატური დარღვევითაა განპირობებული - ეს არის პრაქტიკა, რომელიც, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ განმეორდა.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა საკუთარ განცხადებაში დაადასტურა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის "10-პუნქტიანი წინადადება" წარმოადგენს "კონსტრუქციულ საფუძველს მოლაპარაკებებისთვის" და განსაზღვრავს დიალოგის მთავარ ჩარჩოს, მოცემული შეთანხმების 3 პუნქტი უკვე დარღვეულია:
1. ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პირველი პუნქტის შეუსრულებლობა - ვალდებულება, რომლის შესახებაც პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმაც მკაფიოდ განაცხადა, რომ აუცილებელია "დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა ყველგან, მათ შორის ლიბანსა და სხვა რეგიონებში, მყისიერი აღსრულებით";
2. ირანის საჰაერო სივრცის ხელყოფა მზვერავი დრონის მიერ, რომელიც განადგურდა ფარსის პროვინციაში, ქალაქ ლართან. ეს ქმედება პირდაპირ ეწინააღმდეგება საჰაერო სივრცის დარღვევის აკრძალვის შესახებ არსებულ პუნქტს;
3. ირანისათვის ურანის გამდიდრების უფლების უარყოფა, რაც ჩარჩო-შეთანხმების მეექვსე პუნქტის განუყოფელი ნაწილია.
ამრიგად, ის "კონსტრუქციული საფუძველი", რომელიც მოლაპარაკებებს უნდა დადებოდა საფუძვლად, უხეშად დაირღვა პროცესის დაწყებამდე. შექმნილ პირობებში, ცეცხლის ორმხრივი შეწყვეტა ან რაიმე სახის მოლაპარაკებების წარმოება ყოველგვარ აზრს არის მოკლებული". - წერს ირანის პარლამენტის სპიკერი.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე