ახლო აღმოსავლეთში ორი კვირით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია. აქვს თუ არა აღნიშნულ ინიციატივას მშვიდობის რეალური პერსპექტივა? საკითხზე მხარეები პარასკევს, ისლამაბადში იმსჯელებენ.
დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილების მთავარ პირობად ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გახსნა დაასახელა და 8 აპრილს მსოფლიოსთვის დიდი დღე უწოდა. მისივე თქმით, ირანის გამდიდრებულ ურანზე კონტროლი გარანტირებულია.
"მსოფლიო მშვიდობისთვის დიდი დღეა! ირანს სურს, რომ ეს მოხდეს! ისევე, როგორც ყველას! ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება ჰორმუზის სრუტეში შექმნილი საცობების მოგვარებაში. ბევრი პოზიტიური ქმედება იქნება! დიდი ფული გაკეთდება. ირანს შეუძლია, დაიწყოს რეკონსტრუქციის პროცესი. ჩვენ დავიტვირთებით ყოველგვარი მარაგით და უბრალოდ "იქვე ვიტრიალებთ", რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი კარგად მიდის. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ზუსტად ისე, როგორც ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება, ეს შეიძლება იყოს ახლო აღმოსავლეთის ოქროს ხანა!!!" - წერს დონალდ ტრამპი.
მომხდარს პრეზიდენტ ტრამპისა და ამერიკელი სამხედროების "აბსოლუტური გამარჯვება" უწოდა თეთრმა სახლმა. პრეს-სპიკერის, კაროლაინ ლევიტის თქმით, ოპერაცია "ეპიკურმა მრისხანებამ“ 38 დღეში დასახულ მიზნებს გადააჭარბა და ირანი დათმობებზე აიძულა.
სრულიად განსხვავებული რიტორიკა აქვს თეირანს. ირანის სახელმწიფო მედია ამტკიცებს, რომ ისტორიულ გამარჯვებას სწორედ მათ მიაღწიეს და აიძულეს ვაშინგტონი ყველა სანქცია გააუქმოს, აღიაროს ურანის გამდიდრების უფლება და გაიყვანოს ჯარები რეგიონიდან. ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა სამხედროებს ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება უკვე მისცა. მას შემდეგ, რაც შეთანხმების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ხალხი თეირანის ქუჩებში გავიდა. შეკრებილებმა ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები დაწვეს.