აშშ-ის კიბერუსაფრთხოების, სამართალდამცავი და სადაზვერვო უწყებების განცხადებით, საომარი მოქმედებების საპასუხოდ, ირანული ჰაკერული კამპანიები აშშ-ის კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვადასხვა სექტორზე სულ უფრო მასშტაბური ხდება.
უწყებების მიერ გავრცელებული გაფრთხილების თანახმად, ჰაკერები "შეერთებული შტატების შიგნით დესტრუქციული შედეგების" გამოწვევას ცდილობენ.
"რამდენიმე შემთხვევაში ამ აქტივობამ გამოიწვია ოპერაციული შეფერხებები და ფინანსური ზარალი", - ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტის მიხედვით, კიბერშეტევების სამიზნე გახდა სამთავრობო სერვისები და ობიექტები, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემები, ასევე ენერგეტიკის სექტორი. კონკრეტული ორგანიზაციები დასახელებული არ არის.