06 აგვისტო 2026,   02:24
ვრცლად
დაკრძალვისა და გლოვის შემორჩენილი წეს-ჩვეულებანი მთასა და ბარში

საქართველოში გლოვის წესები ეთნოგრაფიულ ტრადიციებისა და მართლმადიდებლურ რიტუალებს ემყარება. დაკრძალვის კულტურა რამდენიმედღიან გლოვას გულისხმობს, გარდაცვლილის ნათესავებისა და ახლობლების მწუხარების გაზიარებას, თანადგომას. მიცვალებულის კულტი მოიცავს გარდაცვალების წუთიდან, დატირების, გლოვის, დაკრძალვისა და დასაფლავების შემდეგ სულის მოსახსენებელი დღეების შესრულებას.ეს ტრადიცია ჩამოყალიბდა უძველესი დროიდან და შემდეგ ქრისტიანობამ გარდაქმნა, წარმართული წესების ნაწილი კი შეიცვალა.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში (ხევსურეთი, ფშავი, თუშეთი) და დასავლეთ საქართველოში გლოვისა და დაკრძალვის წესები განსხვავებულია.
მიცვალებულის დაკრძალვასა და გლოვასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები და რწმენა-წარმოდგენები ყველაზე კარგად მთამ შემოინახა. ბარში ბევრი რამ დაკარგულია.
ქართულ ტრადიციაში საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა მიცვალებულის მსახურების წეს-ჩვეულებანი და რწმენა-წარმოდგენები.

ქრისტიანობის გავრცელებამდე ადამიანებს წარმართულ წეს-ჩვეულებებით გლოვობდნენ და კრძალავდნენ. მაგალითად, დღესაც მიღებულია გარდაცვლილის თავთან ჭიქა ღვინისა და ხორბლის დადგმა, ასევე, სანთლის დანთება. ეს წესი უძველესი დროიდან მომდინარეობს. ადამიანებს ადრე სწამდათ, რომ მიცვალებულთან დანთებული სანთელი იყო გზის მანათობელი იმქვეყნიურ ცხოვრებაში, ღვინო ითვლებოდა წმინდა შესაწირავად. წყალი თუ იდგა ეს ნიშნავდა იმას, რომ გარდაცვლილი წყლით იქნებოდა მომარაგებული იმქვეყნიურ ცხოვრებაში.
დღემდე არსებული ტრადიციით, გარდაცვალების პირველივე დღიდან დასაფლავებამდე, მიცვალებულის თავთან ჩაუქრობლად უნდა ენთოს სანთელი და კანდელი, უნდა იდოს ნაკურთხი ხატი. მიცვალებულის თავთან იდება ნაკურთხი მარილი, ღვინო, ზეთი, ხორბალი, წყალი და მისი საფლავისთვის ნაკურთხი მიწა. გარდაცვლილის ხელები უნდა იყო მკერდზე გადაჯვარედინებული, მარჯვენა მარცხენაზე დადებული. დღეისათვის წესის აგებას ასრულებს მღვდელი ცხედართან ოჯახში ან ეკლესიაში – დასაფლავების დღის დილით ან წინა ღამეს.

გლოვის ნაწილია მიცვალებულის დატირება. დატირების წესი ყველგან ერთი და იგივე იყო, ძალიან მძაფრად გლოვას გამოხატავდნენ როდესაც მთა საუკეთესო ვაჟკაცს დაკარგავდა. კაცის დატირება განსაკუთრებული იყო.

სამეგრელოში სიკვდილთან დამოკიდებულება კიდევ უფრო საკრალური იყო და რჩება. Საქართველოს დანარჩენი რეგიონებისგან განსხვავებით, აქ სიკვდილს დღესაც მეტი ვიზუალური ელემენტით წარმოაჩენენ და ამით თითქოს განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ მიცვალებულს. აქ განსაკუთრებულია საფლავებიც, ხშირად შეხვდებით, მაგალითად, ავტომობილის სანომრე ნიშანს, იმის აღსანიშნავად, რომ გარდაცვლილს ეს საქმიანობა განსაკუთრებით უყვარდა. 90-იან წლებში მოქალაქეები ვიდეოგრაფებსაც ქირაობდნენ პროცესიის აღსაბეჭდად.

წარსულში, ხშირი იყო გარდაცვლილისთვის სახლის წინ ეზოში ყვავილებისგან ფანჩატურის გაკეთებაც. სოფლებში მეზობლები კი მგლოვიარე ოჯახის პატივისცემის ნიშნად, სახლში ტელევიზორსაც კი არ რთავდნენ.ტანისამოსს პირუკუღმაც იცვამდნენ და მწუხარების ნიშნად პირისახეს იკაწრავდნენ. ტანსაცმლის ამობრუნებული ჩაცმა ხევსურებსაც ჰქონდათ, რომელიც სურათზე კარგა ჩანს, მარცხენა ქალბატონს ქათიბი პირუკუღმა აცვია. სერგი მაკალათიას ცნობით, სამეგრელოში ძველად მათრახების ტყლაშუნით ტირილიც იცოდნენ, მოტირალი თავ-კისერ-ზურგზე ირტყამდა მათრახს ტირილის დროს.

რეგიონებში, განსაკუთრებით, კახეთსა და იმერეთში, გარდაცვალების ამბავი მთელ თემს ეხებოდა. მეზობლები დაუყოვნებლივ მიდიოდნენ ოჯახში და დახმარებას სთავაზობდნენ– ეს იყო არა მხოლოდ გლოვის გამოხატულება, არამედ ერთიანობისა და ადამიანური სოლიდარობის სიმბოლო. ოჯახებში მიჰქონდათ შესაწირი, არამხოლოდ პანაშვიდების დღეებში, არამედ მისი სულის მოსახსენიებელ დღეებშიც.

მკვლევარი თედო სახოკია წერდა, რომ სწორედ სამეგრელოში თუკი ადამიანი გარდაიცვლებოდა, მასთან შორიახლოს, გაშლიდნენ ხოლმე კარავს, სადაც გარდაცვლილის ცოლი ან ქმარი განმარტოვდებოდა ამ სიბნელით მოცულ გარემოში. ამით წარმოედგინათ, რომ თითქოს ამ დროს მიცვალებულთან ერთად სიბნელეში იყვნენ. მიცვალებულის დედა, მამა, მეუღლე –სიბნელით იზღუდებოდა და ამიტომაც ეცვათ ძაძები.

გარდაცვლილის ახლობელი იმოსება საგანგებო შესამოსელით

 

გაჩნდა ჭირისუფლის სამგლოვიარო ჩასაცმელი ძაძები, რომელიც პირველად ,,შუშანიკის წამებაშია’’ მოხსენიებული. ძაძა სამგლოვიარო სამოსელია. XIX ს. საქართველოში მგლოვიარე ქალები ერთი წლის ვადით შავი ფერის ჩასაცმელს იყენებდნენ. აუცილებელი იყო თავზე დიდი ზომის შავი თავსაფრის დაბურვაც. „ძაძა“ ძირითადად ღაზლის ქსოვილია, სამეგრელოში დაცული „ძანძა“ კი კანაფისა და სელის ქსოვილების ზოგადი სახელწოდებაა. სამგლოვიარო სამოსელთან დაკავშირებით საქართველოში ბევრი ძველქართული წესია შემორჩენილი, განსაკუთრებით სვანეთსა და სამეგრელოში, სადაც გლოვის ყველაზე ხანგრძლივი ვადებია დაფიქსირებული. ძაძის განახლება თითქოს სხვის სიკვდილს იწვევდა, მის დაკერებასაც კი ერიდებოდნენ. ნახმარ ძაძას ეზოს გარეთ გაიტანდნენ დასაწვავად, ან ჩამდინარე წყალს გაატანდნენ.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში გლოვისას ტანსაცმელზე გულსაფარს აიკრავდნენ, რათა მისი მოქარგული ნაწილები დაეფარათ. აქვე შემოინახა ერთი ძველი წესიც, მიცვალებულის სახელზე თმების მოკვეცისა და საფლავში გატანებისა. ხევსურეთში ამ წესს უმცროსი ძმის სიკვდილის შემთხვევაში მიმართავდნენ.

ძმის გამო გლოვა სხვა მხრივაც იყო გამოხატული, თუ გაუთხოვარ ქალს უცოლშვილო ძმა მოუკვდებოდა, მთელი სიცოცხლის მანძილზე ტანსაცმლის ნაქარგიდან უნდა ამოეღო თეთრი, ყვითელი, ცისფერი, წითელი ძაფები, სირმა, სამკაული და მძივები, აღარ იცეკვებდა და აღარც ილექსებდა, ზოგიერთი უძმოდ დარჩენილი ქალი მთელ თავის სიცოცხლეს სულ შავებში გაატარებდა.

თუშეთში ღრმა მწუხარებისას ქალი კაბის უბეზე ერთი არშინის სიგრძის ლითონის ჯაჭვს დაიკიდებდა, რომელსაც ბოლოზე შავი ბაწრის ძაფებით ეკიდა ფოჩებჩამოშლილი „ქოქირაი“. გლოვის დასასრულს ჯაჭვის ბაწრიან ნაწილებს დაკუწავდნენ და ჩამდინარე წყალს გაატანდნენ.

საქართველოში გლოვის სხვა წესებთან ერთად აღსანიშნავია ხევსურეთში მანდილის კანჭის ჩამოშვებისა და თუშეთში მანდილის ორივე ყურის ყელზე შემოხვევის წესები. მგლოვიარეს არც სახლში შეეძლო უთავსაბუროდ ყოფნა, იგი შავ დიდ თავსაფარს რამდენჯერმე დაკეცილი თავსახვევით იმაგრებდა.

სამგლოვიარო ტანსაცმელს არ ატარებდნენ ერთ წლამდე ბავშვის სიკვდილის, მეხდაცემულის და „ბატონებით“ გარდაცვალების დროს. მგლოვიარე ქალი დროებით აკრძალვებსაც უნდა დამორჩილებოდა. ვისაც ოჯახში პატარა ჰყავდა, დიდხანს გლოვა არ შეეძლო. დროებით უნდა გაეხადათ სამგლოვიარო ტანსაცმელი დიდი დღესასწაულების პერიოდში, ასევე ნიშნობა-ქორწილებში, „ბატონების“ სტუმრობისა და ლოცვის დროს.

ევროპაში, შუა საუკუნეებისა და რენესანსის დროს, ქალები გლოვისა და დაქვრივების დროს იცვამდნენ შავ სამოსს და იკეთებდნენ თავსაბურავს - კონსერვატიული მოდის სტილში. აღმოსავლეთში კი გლოვის ფერად თეთრი ითვლება. მაგალითად, ინდოეთში ადამიანები ატარებენ თეთრ ტანსაცმელს, რათა თავიანთი გარდაცვლილი ნათესავი შორეულ მოგზაურობაში გააცილონ.

გარდაცვლილის შემოსვის წესი

გვაქვს ისტორიული ცნობები რომ მაგალითად, კოლხეთში მიცვალებულს ახვევდნენ ხარის ტყავში და ჰკიდებდნენ ხეზე, ამას მიცვალებულის ჰაერზე დაკრძალვა ეწოდება. ქრისტიანობას უკავშირდება სუდარაში დაკრძალვის წესიც და გარდაცვლილის სუდარაში გახვევის წესიც ,,შუშანიკის წამებიდან’’ ჩანს . თანდათან გაჩნდნენ ადამიანებიც, სუდართმმოსელნი, რომლებმაც ზუსტად იცოდნენ როგორ უნდა შეემოსათ და რით უნდა დასაფლავებულიყო გარდაცვლილი.

მაგალითად, ხევსურეთში შესამოსელი იყო ფერადი. სამი ფერის პერანგი უნდა ჩაეცვათ მიცვალებულისთვის ჯერ იყო შავი, მერე წითელი და მერე თეთრი.

დატირების წესი

დატირების წესი ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთსა და რომში არსებობდა. საქართველოში გლოვის დროს დატირების წესს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. მაგალითად, ხევსურეთში სამი სახის დატირება იყო გავრცელებული, ძახილით ტირილი, ხმით და საერთო ტირილი.
ძახილით ტირილი შეეძლო მხოლოდ გარდაცვლილის დედას და დას, ხმით ტირილი არ შეეძლო ცოლს თუკი ქმარი გადაიცვლებოდა, ეს სირცხვილად ითვლებოდა.
იყვნენ ხმით მოტირალი ადამიანები, რომელთაც თავისუფლად შეეძლოთ მიცვალებულის დატირება–ამ დროს ისინი წარმოაჩენდნენ მიცვალებულის სიცოცხლეში ჩადენილ საქმეებს, თუ როგორი ვაჟკაცი იყო.

იყვნენ ხმით მოტირალები თუშეთში. მამაკაცები მხოლოდ მაშინ ტიროდნენ, როცა სახელოვანი კაცი დაიღუპებოდა. არსებობდა გუნდური დატირებაც –ზარი. კახეთში ზარს ქალები ასრულებდნენ, ყველაზე ცნობილი და გამორჩეულია სვანური ზარი.
როცა ადამიანი გარდაიცვლებოდა, მთელ სოფელში იყო აკრძალული აყალ– მაყალი, არ იხდიდნენ ქორწილებს.

ზოგიერთ ადამიანი, ვისაც არ ჰყავდა მემკვიდრე ქელეხს, იგივე ხარჯს, სიცოცხლეშივე იხდიდა.

 

სუფრაზე მზადდებოდა ყველაფერი, რაც დაკრძალვის დროს მზადდება, თავად არ დაჯდებოდა და არ მიეკარებოდა არც სასმელს და არც საჭმელს.ქელეხი დაკრძალვის ერთ–ერთი განუყოფელი და დღემდე შემორჩენილი ტრადიციაა. ძველად ქელეხი მასშტაბურ სუფრას ნიშნავდა, რომელზეც მთელი სოფელი იკრიბებოდა– არა სიმდიდრის საჩვენებლად, არამედ ერთიანობის გამოსახატად. ისტორიული წყაროებით, ქელეხის ტრადიცია შუა საუკუნეებიდან მოდის, როცა სუფრა გარდაცვლილს სულის მოხსენიების ერთ–ერთ მთავარ გზად იქცეოდა. შესანდობარი კი რელიგიური შინაარსით ტვირთავდა სუფრას.თითოეული სადღეგრძელო გარდაცვლილის სულის მოსახსენიებლად ითქმოდა. დღეს ამ ტრადიციასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, თუმცა ფორმალური ცვლილებების მიუხედავად, მისი სიმბოლური დატვირთვა უცვლელია.

XIX-XX საუკუნეებში თბილისში დაკრძალვისა და გლოვის წეს– ჩვეულება, რუსეთის გზით, ევროპული დაკრძალვის წესით შეცვლილა – მიცვალებულს მესამე დღეს კრძალავდნენ, ხანდახან მეორე და მეოთხე დღესაც. სასახლე დაკრძალვის წინა დღეს მოჰქონდათ, მეთვრამეტე საუკუნის 70 –იან წლებში ჩასასვენებლით მხოლოდ დიდგვაროვნებს კრძალავდნენ, დანარჩენებს მის გარეშე. მაღალი ფენის წარმომადგენელთა პანაშვიდზე სიმებიან საკრავზე შესრულებული სამგლოვიარო მუსიკა ისმოდა, ვაჭარ– ხელოსანთა სახლებში– დუდუკისა და საზანდრის ჰანგებს აყოლილი მედოლის სიმღერა.

ძველი თბილისის მოსახლეობაში ფართოდ ყოფილა გავრცელებული მოტირალი ქალების მოწვევის წესიც. თუმცა მაღალი წრის წარმომადგენლები მიცვალებულს მოთქმით თითქმის აღარ ტიროდნენ. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ფართოდ გავრცელდა გაზეთებში გარდაცვლილის ახლობლების განცხადებების გამოქვეყნება. იმავე პერიოდიდან დაიწყეს პანაშვიდებზე გვირგვინისა და ყვავილების მიტანა.

ტექნოლოგიებმა და თანამედროვე მომსახურებამ სამგლოვიარო წესებს ახლი შესაძლებლობები გაუჩინა. გაჩნდა საზოგადოებაში სარიტუალო მომსახურება. თანამედროვე დამკრძალავი ბიუროები ორგანიზების ყველა დეტალს საკუთარ თავზე იღებენ.

სასაფლაოები

 

თბილისში ქალაქის ინფრასტრუქტურის შემადგენელი ნაწილი იყო სასაფლაოები. 1864 წელს დედაქალაქში სულ 9 სასაფლაო ყოფილა, რომელთა შორის სამი მართლმადიდებლური, სამი – გრიგორიანული, თითო კათოლიკეების, ლუთერანებისა და მუსლიმების ყოფილა.

წყაროებში მოხსენიებული სასაფლაოებიდან ყველაზე ადრინდელი ,,საგოდებელი’’ ყოფილა, რომელსაც იოანე საბანისძე ასახელებს. მერე კი სასაფლაოებს, ძირითადად, ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიებზე აშენებდნენ. მართლმადიდებელთა ძველი ვერის სასაფლაო XX საუკუნის 30–იან წლებში დახურულა.

თბილისში პანთეონის დაარსების იდეა მეცხრამეტე საუკუნის 90–იან წლებში მას შემდეგ გაჩენილა, რაც დიდუბის ეკლესიის ეზოში მეოცე საუკუნის ათიანი წლებიდან ცნობილ მოღვაწეებს კრძალავდნენ. 1939 წელს კი ის ოფიციალურად, ქართველ მოღვაწეთა დიდუბის პანთეონად გამოცხადებულა.

მთაწმინდის პანთეონის დაარსების იდეა 1915 წელს აკაკი წერეთლის დაკრძალვის დღეებში იმის გამოც გაჩნდა, რომ იქ უკვე ილია ჭავჭავაძე განისვენებდა. პანთეონი ოფიციალურად 1929 წელს გაიხსნა ალექსანდრე გრიბოედოვის გარდაცვალების მეასე წლისთავზე. მისი ცხედარი მთაწმინდის პანთეონში 1929 წელს დაკრძალეს.

ტრადიციის მიხედვით, დასაფლავების დღიდანვე, საფლავზე აღმართული უნდა იყოს მღვდლის მიერ ნაკურთხი ჯვარი, როგორც ცხონების სიმბოლო. ქრისტიანის საფლავი არ უნდა იყოს მდიდრული. თბილისის ძველი საფლავები - ევროპული მოდერნის ნაწილია.

აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი, საფლავთა კურთხევის დღეა. ბრწყინვალე შვიდეულის პირველ დღეს შეღებილი კვერცხით და პასკებით ადამიანები ოჯახის წევრების და ახლობლების საფლავზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. აღდგომას, საფლავზე გასვლის ტრადიცია, საქართველოში ათწლეულებია დამკვიდრდა და მას საყოველთაო ხასიათი აქვს.

ლიტერატურა: 

https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/461724/1/DakrdzalvisDaGlovisWesebiSaqartveloshi_1987.pdf

ც. ბეზარაშვილი, სამგლოვიარო ტანსაცმელი ქიზიყში -“ძაძა-ფლასი“, სსმმ, ტ. XLII-B, 1997 

https://www.youtube.com/watch?v=CJ2TYoxQPV0

https://www.allnews.ge/saintereso/166590-sad-iqo-uzvelesi-9-sasaplao-tbilisshi-glovisa-da-dakrzalvis-tradiciebi-dedakalakshi/

 

დღის ამბები