მთავარი განსხვავება "ნაციონალური მოძრაობის" მსჯავრდებული ლიდერისთვისაც პარტიული რეიტინგია, რომელსაც რუსთავის ციხის პატიმარი ამჯერადაც ოპოზიციური ციხის შიგნიდან გასატეხად იყენებს. გავრცელებული ინფორმაციით, არაერთი მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული მიხეილ სააკაშვილი, თავს ესხმის ყველას და მისი პარტიის თავმჯდომარისგან ოპოზიციური კოალიციის დატოვებას კატეგორიულად ითხოვს. მიიჩნევს, რომ ფორმალურ გაერთიანებაში შესულ 1-პროცენტიან სუბიექტებს, რომელთაც დამოუკიდებლად ბარიერის გადალახვაც არ შეუძლიათ, არც "ნაციონალური მოძრაობის" რესურსის გამოყენების უფლება უნდა ჰქონდეთ.
"ახლებმა" ძველ ლიდერს მალევე ურჩიეს პარტიული რეიტინგები არჩევნებზე გაზომოს და შეეგუოს, რომ ოპოზიციურ რადარებზე მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა არ იძებნება. სააკაშვილის ყოფილი გენ.პროკურორის, გვარამიას პარტიაში იმასაც ამტკიცებენ, რომ სააკაშვილის პარტიულ დღის წესრიგს, ოპოზიციურ ცხრიანზე გავლენა ვერ ექნება.
ყოფილი და მოქმედი ნაციონალებით აწყობილი ოპოზიციური ლეგო, რომ მუდმივი რყევის პროცესშია, სახელისუფლებო გუნდში არ უკვირთ. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ უპერსპექტივო პარტიების ფორმალურ ერთობას, რომელიც 1 თვის წინ, ოპოზიციის უცხოელმა დამფინანსებლებმა შექმნეს, საბოლოოდ ისევ გარე ძალები დაშლიან.
ყოფილი და მოქმედი "ნაციონალები" ტოქსიკურები, კომიკურები და კონფლიქტურები არიან, მეორე ოპოზიციური ბანაკისთვის. ახალი გაერთიანების გარეთ მყოფ პარტიებში ფიქრობენ, რომ შეკრებისა და დაშლის პოლიტიკური ოპერაციები მომავალშიც გაგრძელდება.
სახელისუფლებო გუნდში დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიციურ ცხრიანს, რეალურად კი "ნაციონალურ მოძრაობას," რომელიც მმართველობის ბერკეტების ხელში ჩაგდებითაა შეპყრობილი, პოლიტიკური ფიასკო გარანტირებული აქვს. იქვე ამბობენ, რომ ერთი ლიდერის, ერთი სტრუქტურისა და ერთი პარტიის ფორმალური ერთობის რადიკალურ მიზნებს, დიდი ხანია საზოგადოების მხარდაჭერაც არ აქვს.
საზოგადოების უნდობლობა ოპოზიციურმა 9-იანმა, გაერთიანების შექმნის პირველივე დღეებშიც დაიმსახურა. მაშინ მთავარი ფიგურანტები თამარ ჩერგოლეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი იყვნენ, რომლებმაც პოლიტიკური შეთანხმების გაფორმებიდან 1 კვირაში, ერთმანეთი სწორედ ამ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.