08 აგვისტო 2026,   02:43
ვრცლად
სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის სტრატეგიული მნიშვნელობა, შუა დერეფნის ფუნქცია და კასპიის ზღვის აუზის ენერგო რესურსების ექსპორტი - როგორ აფასებენ თბილისში ილჰამ ალიევის ვიზიტს

მეგობრულ დამოკიდებულებას სტრატეგიული პარტნიორობა, კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე აჰყავს - ილჰამ ალიევის ჩამოსვლა მმართველი გუნდისთვის, მხოლოდ კეთილგანწყობილი მეზობლის ვიზიტი არ ყოფილა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის მხრიდან საჯაროდ ითქვა, რომ შუა დერეფანში ყველაფერი საქართველოს გავლით ხდება და რომ ქვეყნები სამხრეთ კავკასიაში ერთად ქმნიან მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის რეგიონს. "ქართული ოცნების" შეფასებით, ალიევის ეს მკაფიო გზავნილები დღეს, გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს.

სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის სტრატეგიული მნიშვნელობა, შუა დერეფნის ფუნქცია და კასპიის ზღვის აუზის ენერგო რესურსების ექსპორტი - აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი რომ პრიორიტეტულია, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის ეკონომიკურ-პოლიტიკური სტაბილურობისთვის, ამას არც ოპოზიცია უარყოფს.

"ქართული ოცნების" შეფასებით, სწორედ ასეთი ვიზიტები ქმნის სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიებს, რასაც თავის მხრივ, მოაქვს მეტი პროგრესი შუა დერეფნის განვითარებისთვის. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები ნიშნავს საერთო პროექტებსა და ინვესტიციების გაზრდის ახალ პერსპექტივებს..

ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში გუშინ დაიწყო და გუშინვე დასრულდა - "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარესთან სტუმრობით, სადაც საქართველო-აზერბაიჯანის პარტნიორობისა და მეგობრობის მაღალ სტანდარტზე, ასევე ორ ქვეყანას შორის არსებულ ღრმა და ყოვლისმომცველ ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. საქართველოს როლი და გეოგრაფიული მდებარეობა, რომ აზერბაიჯანისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ეს ილჰამ ალიევმა მანამდე ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზეც თქვა

ოფიციალურმა სტუმარმა ბაქოსა და თბილისის ისტორიულ პარტნიორობას, საერთაშორისო საზოგადოებისთვის სამაგალითო უწოდა, საქართველოს მთავრობას სომხეთთან ურთიერთობის ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი იყო, არის და იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი.

დღის ამბები