ერთ თვეზე მეტია, მსოფლიო ნავთობის 20% დანიშნულების ადგილამდე ვეღარ აღწევს. ჰორმუზის სრუტე 28 თებერვლამდე ყველაზე მნიშვნელოვანი წიაღისეულის გადაზიდვის მთავარი საზღვაო არტერია იყო. დღეს კი, გლობალური კრიზისის ეპიცენტრად იქცა. მისი ყველაზე ვიწრო მონაკვეთი სულ რაღაც 31 კილომეტრია. სრუტე, ომამდე, დღეში 130 ნავთობმზიდისა და ათასობით საკონტეინერო გემის ერთადერთი გასასვლელი იყო. ამ დროისთვის, ირანმა სრუტეზე დე ფაქტო კონტროლი დაამყარა დრონებისა და სტრატეგიულ კუნძულებზე განთავსებული სარაკეტო სისტემების გამოყენებით. ომის დაწყებიდან დღემდე, ირანმა 20-ზე მეტ კომერციულ გემზე მიიტანა იერიში.
სრუტის უსაფრთხოდ გავლისათვის, საჭიროა იდენტიფიცირება და "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისგან" ნებართვის მოთხოვნა. თუმცა, მხოლოდ ეს საკმარისი არ არის: ირანი უკვე იწყებს ჰორმუზის სრუტისგან ფინანსური სარგებლის მიღებას. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ირკვევა, რომ ტარიფი იწყება დაახლოებით ერთ დოლარიდან თითო ბარელ ნავთობზე, თუმცა, რიგ შემთხვევებში, გემები მილიონობით დოლარსაც იხდიან, განსაკუთრებით მსხვილი ნავთობის ტანკერები. ხშირად, ანგარიშსწორება ჩინური იუანით, ან კრიპტოვალუტით ხდება. სრუტის გასავლელად, გემებს უწევთ წინასწარი კოორდინაცია ირანულ ძალებთან, ტვირთისა და ეკიპაჟის შესახებ დეტალური ინფორმაციის წარდგენა და იმის დამტკიცება, რომ შეერთებულ შტატებსა და ისრაელთან კავშირი არ აქვთ. ამავდროულად, სრუტით სარგებლობა ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. ირანი პრიორიტეტს ანიჭებს ე.წ. "მეგობარი ქვეყნების" დროში ქვეშ მცურავ გემებს. მხოლოდ ამ პირობების დაკმაყოფილების შემდეგ არის შესაძლებელი მარშრუტის უსაფრთხოდ გაგრძელება.
ნავთობის ტანკერების გარდა, მსოფლიოს უმსხვილესი გადამზიდავები, მაგალითად Maersk-ი და სხვა გიგანტი კომპანიები, იძულებულნი გახდნენ, შეეწყვიტათ ან შეეზღუდათ ტრანზიტი.
დუბაის ჯებელ ალის პორტში - ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ საკონტეინერო ჰაბში, ოპერაციები მნიშვნელოვნად შენელებულია. ავტომობილები, სათადარიგო ნაწილები, ელექტრონიკა, მედიკამენტები და სამრეწველო კომპონენტები - ყველაფრის მიწოდება შეფერხებულია, რადგან კომპანიებს ან მარშრუტის შეცვლა უწევთ, ან ოპერაციებს, დროებით, საერთოდ აჩერებენ.
სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის ამ კრიზისს ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს. საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ქუვეითი და კატარი: მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ენერგეტიკული რესურსების მქონე ქვეყნები დღეს გეოგრაფიის მძევლები გახდნენ. ათასობით კილომეტრის დაშორებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო არტერიაა ზეწოლის ქვეშ. სუეცის არხი, რომელიც გლობალური საზღვაო ვაჭრობის 12-15 პროცენტს ემსახურება, კვლავ ღიაა. თუმცა, კონფლიქტის გაგრძელების შემთხვევაში, იემენელი ჰუსიტები სწორედ ამ არხის ბლოკირებით იმუქრებიან. ბევრი კომპანია თავს არიდებს ამ მარშრუტს და გემებს აფრიკის გარშემო, კეთილი იმედის კონცხის გავლით ატარებს.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის შედეგები სულ უფრო იგრძნობა გლობალურ ეკონომიკაზე. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, დღეში უკვე 12 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობის მიწოდებაა შეფერხებული. ექსპერტები ბარელი ნავთობის ფასის 150$-მდე ზრდასაც ვარაუდობენ.
დიპლომატიური ძალისხმევა ისევ უშედეგოა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 40 ქვეყნის ლიდერს უმასპინძლა ვირტუალურ სამიტზე, რომლის მიზანი ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გადაადგილების აღდგენა იყო. ქვეყნები შეჯერდნენ, რომ მდგომარეობის განმუხტვა და ჰორმუზის სრუტის გახსნა მხოლოდ მოლაპარაკებების გზით შეიძლება.
ვიდრე მოლაპარაკება ჩიხშია, ნავთობის უმსხვილესმა მწარმოებლებმა უკვე მიაგნეს გამოსავალს. ჰორმუზის სრუტეზე ირანის შესაძლო გრძელვადიანი კონტროლის შემთხვევაში, სპარსეთის ყურის ქვეყნები ახლა სერიოზულად განიხილავენ ძვირადღირებულ, მაგრამ აუცილებელ ალტერნატივას. საუბარია საუდის არაბეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენზე.
1980-იან წლებში აშენებული ეს 1 200-კილომეტრიანი სისტემა ყოველდღიურად 7 მილიონ ბარელ ნავთობს აწვდის წითელი ზღვის პორტ იანბუს, ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით. გრძელვადიან პერსპექტივაში, განიხილება ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე მილსადენის ქსელის შექმნაც, რომელიც არა მხოლოდ ენერგორესურსებს, არამედ სხვა საქონელსაც გადაიტანს. თუმცა ასეთი პროექტები სერიოზულ დაბრკოლებებს აწყდება: მათი ღირებულება შესაძლოა 5 მილიარდიდან 20 მილიარდ დოლარამდე მერყეობდეს, ხოლო უსაფრთხოების რისკები, რეგიონში არასტაბილურობა და შეიარაღებული ჯგუფების არსებობა დამატებით გამოწვევებს ქმნის.
გლობალური კრიზისის ფონზე, "დიდი 7-იანის" ლიდერები, სპარსეთის ყურის წარმომადგენლებთან ერთად, მომდევნო კვირას დიპლომატიას კიდევ ერთ შანსს მისცემენ. გამართავენ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანიც ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ენერგომომარაგების სტაბილურობა და გლობალური სავაჭრო მარშრუტების დაცვა იქნება.
ავტორი: სანდრო სანაია