12:00 საათზე საპატრიარქოში სინოდის სხდომა დაიწყება. ეს იქნება წმინდა სინოდის წევრების პირველი შეკრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაკრძალვის შემდეგ.
სხდომა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის მოწვევით იმართება. საპატრიარქოს ინფორმაციით, დღეს განიხილება საორგანიზაციო საკითხები, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით. იმსჯელებენ ტექნიკური საკითხებზე და გაფართოებული კრების დეტალებზე, რომელზეც ახალი პატრიარქი უნდა აირჩიონ.
"დღევანდელი სინოდის სხდომა არ არის გათვალისწინებული იმისათვის, რომ გამოირჩეს შემდგომი სამი კანდიდატი - სხდომა დაეთმობა იმ პროცესუალური საკითხების მოწესრიგებას, რომელიც საჭიროა იმ დიდი სამუშაოსათვის, რომელიც შემდგომში გვევალება. სამი კანდიდატის გამოცხადება სინოდზე მოხდება მას შემდეგ, რაც კენჭს უყრიან, მაგრამ ეს იქნება შემდეგი სინოდი და ეს სინოდი იქნება გაფართოებული კრების წინმსწრები.
დებულების გადახედვა არანაირად არ მოხდება, ამას სჭირდება გაფართოებული სხდომა და, ამიტომ, ნებისმიერი საკითხი გადაწყდება მკაცრად იმ დებულების მიხედვით, რომელიც გააჩნია საქართველოს ეკლესიას. რაც შეეხება საკითხებს, რომლებზეც შეიძლება სხვადასხვა აზრი არსებობდეს, დასაზუსტებლად გეტყვით ერთ რამეს: ყველა მღვდელმთავარი უდიდესი პატივისცემით ეპყრობოდა და დიდი სიყვარული აკავშირებდა კათოლიკოს-პატრიარქთან და მის მიერ დატოვებულ ამ ერთობას დიდი პასუხისმგებლობით გაუფრთხილდება.
ასეთია საერთო განწყობა. უნდა ველოდოთ იმას, რომ ყველა თემა, რომელზეც შეჯერება იქნება საჭირო, სწორედ ამ ერთობისა და პასუხისმგებლობის გრძნობით იქნება გადაწყვეტილი ისე, როგორც შეშვენის ეკლესიასა და ქრისტიანულ ძმობას. დღეს იმართება მსჯელობა ზოგადად იმ კრიტერიუმებზე, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საპატრიარქო კანდიდატი. სწორედ ასეთი საკითხებია დასაზუსტებელი. დღეს ამისთვის ვიკრიბებით, რომ როდესაც უკვე სამი კანდიდატის გამოსარჩევად შეიკრიბება სინოდის სხდომა, აღარ იყოს იქ ამაზე სამსჯელო, არამედ იმ სხდომაზე მოხდეს უშუალოდ არჩევა," - აცხადებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.