დეზინფორმაცია და პოლიტიკური მანიპულაციები მიუსაფარი ცხოველების თემით - მმართველი გუნდი ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერი ჯგუფების ახალ კამპანიაზე საუბრობს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ცხოველების თემა სენსიტიურია და კონკრეტულმა პოლიტიკურად დაინტერესებულმა პირებმა ის საზოგადოებაში ხელოვნური აჟიოტაჟის შესაქმნელად გამოიყენეს; გაავრცელეს არაერთი ცრუ ინფორმაცია, მათ შორის, თითქოს ძაღლებს ცოცხლად წვავენ, რისი მიზანიც, მათი თქმით, პოლიტიკური მანიპულაციებით საზოგადოებაზე ზემოქმედების მოხდენაა.
მიუსაფარ ცხოველებზე გავრცელებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. უწყებამ შემოწმება ჩაატარა, რის შედეგადაც რაიმე სახის სამართალდარღვევა არ გამოვლენილა. მათივე განმარტებით, მიუსაფარი ცხოველების თავშესაფარში გადაყვანა მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პროცედურების - მათ შორის, ვაქცინაციისა და სტერილიზაციის მიზნით ხდება, რის შემდეგაც ისინი ისევ ძველ გარემოში ბრუნდებიან.
საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი.
"თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული - არაადამიანური მოპყრობა ცხოველებისადმი. ასე რომ, დავინტერესდით როგორც ჰუმანური კუთხიდან, ასევე დავინტერესდით, ხომ არ მოხდა სისხლის სამართლის დანაშაული და მივიღეთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია, რომ ეს არ მომხდარა.
საპირისპირო მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს, რადგან ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. როდესაც სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები განცხადებას აკეთებდნენ, უბრალოდ კი არ უარყვეს, სიტყვა "ტყუილიც" ახსენეს, რადგან ეს მართლაც ასეა. ახლა დააკვირდით, ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებმაც [ამ თემაზე ისაუბრეს] - იკითხეს, რომ რამე მტკიცებულება თუ არსებობს ამისი, რამე ფორმით, რაღაცით შეიძლება რომ ეჭვი მივიტანოთ ვინმეზე, რომ ასეთი არაადამიანური საქციელი ჩაიდინეს? რა თქმა უნდა, არაფერი იკითხეს.
როგორც კი იფიქრეს, რომ ვითამაშებთ ხალხის კეთილშობილ გრძნობებზე და შეიძლება ხელისუფლების წინააღმდეგ ეგ გამოვიყენოთ, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, დაიწყეს ამის დეკლარირება და ტირაჟირება. ბევრჯერ გაუკეთებიათ ეს საკუთარი თავისთვის საზიანოდ. როცა ხარ უსინდისო პოლიტიკური ორგანიზაცია ან პოლიტიკურად ანგაჟირებული პირი და რაღაც ტყუილს ამბობ, 24 საათი ხომ მაინც უნდა გაძლოს ამ ტყუილმა? რამდენიმე საათში უკან რომ მოგიბრუნდება ეს ტყუილი და ყველა დაინახავს, რომ ამ ტყუილის გამავრცელებელი შენ ხარ, რა დივიდენდი უნდა მიიღო აქედან? მიუხედავად ამისა, მაინც აკეთებენ", - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.
ავტორი: ნანა გოგატაძე